პრემიერი: 2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1,6 მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული, 2022 წელს კი მშპ-ს 6%-ს გაუტოლდება

„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, მოვახდინოთ განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაცია და დავაფუძნოთ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული განათლების ქართული სკოლა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, რომ თუ ქვეყნის ეკონომიკაში განათლების სექტორს არ აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის ორნიშნა ციფრი, 21-ე საუკუნეში ასეთ ერებს უჭირთ კონკურენცია საერთაშორისო ბაზრებზე.
„სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ორიენტირიც, რომ აღნიშნული იდეის რეალიზაციის შემდეგ განათლების სექტორი გახდეს დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში და ის იყოს მინიმუმ ორნიშნა ციფრი – მთლიანი შიდა პროდუქტის 10-11%”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ახალი ინიციატივით, 2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1, 6 მილიარდი იქნება გათვალისწინებული, 2020 წელს – 2მილიარდი, 2021 წელს – 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ 3,4 მილიარდ ლარს.
„2012 წელს ჩავიბარეთ განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მილიონ ლარსაც კი არ აღწევდა. 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ 3,4 მილიარდ ლარს და შემდგომი ათწლეულების განმავლობაში, არსებული თუ ყველა მომდევნო მთავრობა ვალდებული იქნება, მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი, ანუ დღევანდელი პარამეტრებით, ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე. ჩვენი შეხედულებით, სწორედ განათლება არის გზა თავისუფლებისკენ – თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან და თავისუფლებისკენ ყველა იმ გამოწვევის გადალახვისკენ, რომელიც დგას ჩვენი ერის წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რეფორმა განათლების ყველა საფეხურს შეეხება – სკოლამდელ, საშუალო, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.
„ეს ნიშნავს მასშტაბურ ინვესტიციებს, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაში, არამედ გაზრდილ ინვესტიციებს ხელფასებში და კვლევით სამუშაოებზე. ეს არის ჩვენი ხედვა და ამ გზით ვაპირებთ, საქართველო გახდეს რეგიონული ეკონომიკური ცენტრი. ჩვენს წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ სწორედ ის, რომ განათლება და ეკონომიკა ერთმანეთს დაშორდა, რაც მიუღებელია. ამან ჩვენს ეკონომიკას შეუქმნა მნიშვნელოვანი პრობლემები და ვფიქრობთ, ამ ინიციატივით ჩვენ საქართველოში შევქმნით მდგრადი და მზარდი ეკონომიკური განვითარების ატმოსფეროს”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ახალი კონცეფციის მიხედვით განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით; ყველა რეგიონში აშენდება ახალი და მოხდება არსებული სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასშტაბური რეაბილიტაცია;
“ყველა სასწავლო დაწესებულების პედაგოგის, იქნება ეს ბაღი, სკოლა, პროფესიული სასწავლებელი თუ უნივერსიტეტი, ასევე,მეცნიერთა ანაზღაურება იქნება ღირსეული. პედაგოგის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული; დაინერგებაუახლესი სასწავლო მეთოდები, გადამზადდებიან პედაგოგები; კონკრეტული შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული განათლების სფეროს საერთაშორისო ექსპერტებთან და შესაბამისად, არსებულ პროგრამებს და მიდგომებს შევცვლით. დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაცემული დიპლომები და სერტიფიკატები, მათ შორის, პროფესიულ სასწავლებლებში, აღიარებული იქნება ევროპაში, რაც საშუალებას მისცემს ყველა ახალგაზრდას, რომელიც საქართველოში განათლებას მიიღებს, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დასაქმდეს. ამ ინიციატივით ვაპირებთ, საქართველომ დაიბრუნოს ის ისტორიული როლი, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა და იყოს განათლებისა და კულტურის ცენტრი მთელი რეგიონისთვის”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები