ლევან სურგულაძე: საკონსტიტუციო სასამართლო თუ საპენსიო რეფორმის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, მოქალაქეებს ჩარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ

„საკონსტიტუციო სასამართლო თუ საპენსიო რეფორმის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხები მოქალაქეებს სარგებლით დაუბრუნდებათ“, – ამის შესახებ საპენსიო ფონდის დირექტორმა, ლევან სურგულაძემ დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის შემდეგ განაცხადა.
ლევან სურგულაძე განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სტატუსით მიიწვიეს. იგი მოსამართლეების შეკითხვებს უპასუხებს.
ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საპენსიო ფონდის შენატანი ბევრ ქვეყანაშია სავალდებულო და ამას კონსტიტუციაც ითვალისწინებს.
„ეს არის ნახევრად სავალდებულო ჩართულობა, სავალდებულოა მხოლოდ გარკვეული ასაკის კატეგორიისთვის. ეს სავალდებულოა ყველა ქვეყანაში, როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის, ასე რომ, იძულებითი არის ტიპური მოვლენა, რადგან ადამიანები არ არიან ინფორმირებული ამ სახის სიკეთეებზე. სახელმწიფოს აქვს უფლება და კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული, რომ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე იყოს გარკვეული იძულება. საპენსიო თანხების ინვესტირება ხდება, შესაბამისად თანხას ერიცხება გარკვეული სარგებელი და ეს სარგებელი ინფლაციას დაარეგულირებს. ვვარაუდობთ, 7-8 პროცენტამდე იქნება სარგებელი, იმ შემთხვევაში კი თუ ინფლაცია გაიზრდება, გაიზრდება ამონაგები იმ ინსტრუმენტიდან, რა ინსტრუმენტშიც მოთავსებულია ეს თანხები“, – აცხადებს ლევან სურგულაძე.
ცნობისათვის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და იურიდიული კომპანია „თორაძე და პარტნიორების” გაერთიანებული სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს დაიწყო. ორგანიზაციები საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვენ.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლეები მოსარჩელეთა არგუმენტებს მოისმენენ და გადაწყვეტენ, არსებითი განხილვისთვის მიიღებენ თუ არა წარმოებაში სარჩელს.
შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდა საქართველოში დასაქმებული ყველა მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტში ქალბატონებს 55, ხოლო მამაკაცებს 60 წელი არ ჰქონდათ შესრულებული.
პირველი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისათვის, ანუ 2018 წლის 6 აგვისტოსთვის 40 წელი შეუსრულდათ, სისტემის დატოვება განცხადების საფუძველზე შეეძლებათ.
ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები