ნუკრი ქანთარია: პრეზიდენტს დასჯის კი არა შეწყალების ინსტრუმენტი უნდა ჰქონდეს, როდესაც ეს ინსტრუმენტი სხვა ინსტიტუციაში გადადის, ეს გაურკვევლობას ბადებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლის საკითხს აფასებს და მიაჩნია, რომ პრეზიდენტის მხრიდან ამ ჰუმანურ აქტზე, რასაც შეწყალება ჰქვია, იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემა, არამხოლოდ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში აჩენს კითხვებს.
„შეკვეცილი ფუნქციების ფონზე პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების აქტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტს უნდა მოეგვარებინა და რაც სამართლიანობასთან ასოცირდებოდა. შეწყალება – არის პატიება, მიტევება დამნაშავის, რომელმაც მსჯავრდების პირობებში გამოავლინა ისეთი თვისებები, რომლითაც ჩანს, რომ ის დანაშაულს ინანიებს და საჭიროდ ჩაითლება, პატიმრობის დარჩენილი წლები ციხეში აღარ გაატაროს. ამ ვითარებაში შეწყალება პრეზიდენტს ჰუმანურობის ხიბლს მატებს. მას დასჯის ინსტრუმენტი კი არ აქვს, არამედ მიტევების და შეწყალების. როდესაც ეს ინსტრუმენტი სხვა ინსტიტუციაში გადადის, ეს გაურკვევლობას ბადებს. გამოდის, იუსტიციის სამინისტროში უნდა ჩამოყალიბდეს პოზიცია და შემდეგ პრეზიდენტს რეკომენდაციის სახით გადაეგზავნოს“, – აღნიშნავს ნუკრი ქანთარია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის მხრიდან გახმოვანებულ ამ მნიშვნელოვან სიახლეს დაზუსტება სჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანია შეწყალების კომისიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებობა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა. მისივე თქმით, კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები