“დღეს სახელმწიფოს პრიორიტეტები სწორად არის შერჩეული და ეს არის ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე განათლების სფეროში პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.
მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც განათლება არ არის პრიორიტეტი, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ დღეს სახელმწიფოს პრიორიტეტები სწორად არის შერჩეული და ეს არის ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა
„როდესაც ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაზე ვსაუბრობთ, თუ რა დახმარებები უნდა გაიღოს სახელმწიფომ, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, განათლების დონის ამაღლებაზეც ვიზრუნოთ. სწორედ ეს გვაძლევს გრძელვადიან შედეგს და არა ერთჯერადი სოციალური დახმარებები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მძიმე სოციალური ფონია საქართველოში, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სოლიდური თანხები განათლებაში წავიდა. ჯერ ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა. ჩვენ ვერასოდეს წავალთ წინ, თუ არ ვიფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაჭირვებულს არ უნდა დავეხმაროთ, უნდა დავეხმაროთ, ოღონდ ფინანსებთან ერთად, ცოდნის მიცემით. დღეს დამსაქმებლები მხოლოდ კვალიფიციურ კადრებს მოითხოვენ, იქნება ეს უმაღლესი განათლებით თუ პროფესიული ცოდნით. სწორედ ეს ცოდნა განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს, რაც თავისთავად პოზიტიურად ცვლის სოციალურ ფონს. მართალია, განათლების შედეგად მიღებული ძლიერი ეკონომიკა და სოციალური მდგომარეობა ხანგრძლივ დროს მოითხოვს, მაგრამ, თუ მხოლოდ დღევანდელზე ვიფიქრეთ, წარმატებული ხვალინდელი დღე ვერასოდეს დადგება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები