კოჟორიძე: „ქართული ოცნება“ მურუსიძის უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

„ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოჟორიძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„როცა არ არსებობს არგუმენტები, ყველაზე კარგ არგუმენტად რჩება, შენს ოპონენტს დააბრალო დესტრუქციულობა, ძირგამომთხრელობა, პოლიტიკური ოპონენტის მხარდაჭერა და ა.შ. როგორც ხდებოდა ხოლმე. ეს მესიჯები უცვლელია, იგივეა მარად და მარად. ვინც რამეს ამბობს, რომელიც არ მოგვწონს, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკის გამტარებელი. ეს მიდგომა თუ გაგრძელდება, შეიძლება, როგორც ერთმა ექსპერტმა თქვა, მაგ გაგებით 95 % აღმოჩნდეს, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი. იმიტომ, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს არცერთი ორგანიზაცია, დამოუკიდებელი იურისტი ან პოლიტიკური პარტია, რომელიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, იმ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ამბობდეს, რომ კარგია ყველაფერი, რაც ხდება და ვეთანხმებით „ქართულ ოცნებას“ .
რაც შეეხება კითხვას – არის, თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული მურუსიძე, მინდა, განვაცხადო, რომ სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მურუსიძის უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით. ვერ გაექცევა ძალიან მარტივი მიზეზით – იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს კოლეგიურად. კოლეგიურმა ორგანომ რომ მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროა ერთობლიობა, სინთეზი, მოსამართლე წევრებისა და არამოსამართლე წევრების. არამოსამართლე წევრები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ჯერ მურუსიძის სამწლიანი საგამოცდო ვადით დანიშვნას, შემდეგ მურუსიძის უვადოდ დანიშვნას, იყვნენ „ქართული ოცნების“ მიერ, პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე წევრები და თუ „ქართულ ოცნებას“ არ მოეწონა მურუსიძის სამწლიანი ვადით დანიშვნა, მას შეეძლო ძალიან მარტივი რამე გაეკეთებინა, გამოეხმო ის წევრები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, კანონი ამის საშუალებას იძლევა, დაენიშნა ისეთი წევრები, რომელიც მურუსიძის უვადოდ დანიშვნას ხელს არ მოაწერდნენ“, – განაცხდა კოჟორიძემ.
ცნობისთვის, ღარიბაშვილი სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს 2 დღის წინ გამოეხმაურა.
„დღეს გადახედეთ სტატისტიკას, გამამართლებელ-გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებს, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი არის იდეალური, მაგრამ ჩვენ მივდივართ წინ და პროგრესი არის ხელშესახები. თუ რომელიმე მოსამართლეზე იქნება კითხვები, ჩემი პოზიციაა ასეთი – კეთილი უნდა ინებოს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს, საზოგადოებას აუხსნან ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ეს არის ორკესტრირებული, დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის მიერ, მათი რამდენიმე სატელიტი არასამთავრობოების მიერ და ვიღაც სუბიექტების ჩართულობა იკვეთება ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები