ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით კანონპროექტი წარადგინა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს წარუდგინა.
მისივე ინფორმაციით, კანონპროექტს ხელს 13 დეპუტატი აწერს ხელს.
როგორც ბესელიამ განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომელიც ამ კანონპროექტს, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტისგან განასხვავებს, არის ის, რომ კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.
“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესის მატარებელი გახდა და რომელმაც სერიოზული პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია, არის სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და კრიტერიუმები.
პირველ რიგში, ეს არის ღია და საჯარო კონკურსი. ყველას შეეძლება მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სტანდარტებს. ეს სტანდარტები გახლავთ: ასაკი -30 წელი, იურიდიული განათლება, 10-წლიანი პროფესიული გამოცდილება. ამას ემატება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, როგორიც არის: სპეციალური კითხვარის შევსება. ეს კითხვარი მოამზადა არასამთავრობო სექტორმა “კოალიცია გამჭვირვალე და სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის” და ჩვენ გავიზიარეთ მათი შემოთავაზება. ამავე დროს, ამ ინიციატივით იუსტიციის საბჭოსთვის დადგენილი იქნება კვორუმი, ანუ საჭირო იქნება როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მაღალი კვორუმით იყოს შემოთავაზებული მოსამართლეობის კანდიდატების სია. იუსტიცის საბჭო შეამოწმებს რა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატების მონაცემების შესაბამისობას და ის ამ სიას წარუდგენს პარლამენტს. მთავარი პროცესი დაიწყება პარლამენტში. ჩვენი კანონპროექტით შემოთავაზებული, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც არ იქნებიან პარლამენტის წევრები. მასში იქნებიან სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატთა პროფესიული გაერთიანების და დეტალური ინფორმაციის მოგროვებასა და დასკვნების დაწერაში. სამუშაო ჯგუფის შემდეგ უკვე კომიტეტი იწყებს თითოეული კანდიდატის განხილვას. ამის შემდეგ გაიცემა დასაბუთებული წერილობითი რეკომენდაციები და გადაეცემა ეს სია პარლამენტს, რომელიც კენჭს უყრის მაღალი კვორუმით,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე განცხადებით, აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციებში მონაწილეობდნენ პროფესიული წრეების წარმომადგენლები, იურისტები; სფეროს ექსპერტები; ადვოკატთა ასოციაცია; იურიდიული ფირმების გაერთიანება; კოალიცია ,,დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისთვის“.
კანონპროექტის შემუშავების პროცესში განხილვები ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და აშშ საელჩოს წარმომადგენლების, გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის , პროექტ „პროლოგის“ USAID წარმომადგენლების, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები