ირაკლი ალასანიამ კონკურსში „ჩემი ჯარისკაცის“ გამარჯვებულები დაჯილდოვა
თბილისში რუსთაველის გამზირზე სახელმწიფო უწყებების მიერ მოწყობილი პავილიონები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. ირაკლი ალასანია იუსტიციის სამინისტროს პავილიონთანაც იმყოფებოდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, იუსტიციის მინისტრთან და აღმასრულებელი ორგანოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შექმნილ ახალ საარქივო სამახსოვრო დოკუმენტს მოაწერა ხელი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იშვიათი პერგამენტი საქართველოს ეროვნულმა არქივმა ვატიკანიდან მოიპოვა.
დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწყობილ კუთხესაც ეწვია. ირაკლი ალასანიამ კონკურსში „ჩემი ჯარისკაცის“ გამარჯვებულები დაჯილდოვა. პირველ ადგილებზე გასულ მოსწავლეებს – გიგი ლობჟანიძესა და ანანო ქუხილავას – თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო – სამხედრო საათები გადაეცათ.
II და III საპრიზო ადგილებზე კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ გადასცეს.
ამახალისებელი სიგელი 18-მა მოსწავლემ მიიღო.
კონკურსი საქართველოს თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების, ასევე, იუსტიციის სამინისტროების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსი თბილისის მასშტაბით გაიმართა. მოსწავლეებმა ესსეები ქართული ჯარის თემაზე შექმნეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით გაიმართა. 12 თვითმმართველ ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყო.