ნინო წილოსანი: განათლება ეს არის გზა თავისუფლებისკენ

ამ კონცეფციის ფარგლებში სახელმწიფო იღებს უპრეცენდენტო ვალდებულებას, ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯოს განათლების სფეროს სრულ ტრანსფორმაციაზე, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი ახალი ინიციატივის “განათლება – გზა თავისუფლებისკენ”კომენტირებისას განაცხადა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, განათლება – ეს არის გზა თავისუფლებისკენ.
“დღეს პრემიერ-მინისტრმა გაგვაცნო კონცეფცია, რომელიც ჩვენი პოლიტიკის მნიშვნელოვან და ძირეულ ნაწილს წარმოადგენს – განათლება დაძლევს სიღარიბეს. განათლება – ეს არის გზა თავისუფლებისკენ – თავისუფლება სიღარიბისგან, უმუშევრობისგან, ოკუპაციისა და ქვეყნის წინაშე არსებული სხვა გამოწვევებისგან. ამ კონცეფციის ფარგლებში სახელმწიფო იღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯოს განათლების სფეროს სრულ ტრანსფორმაციაზე. 2022 წლამდე ეტაპობრივად და სრულად მოხდება ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, პარალელურ რეჟიმში, სკოლამდელი და ზოგადი განათლება დაჩქარებული ტემპებით და თანამედროვე ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით განვითარდება, პედაგოგის პროფესია კი ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი იქნება ქვეყანაში. პროფესიული განათლების მიმართულების სრული დატვირთვით ამუშავება არის გზა სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისკენ და დღეს წარმოდგენილ კონცეფციაში ამ მიმართულებას გადამწყვეტი ადგილი უჭირავს. მინდა, ასევე გავამახვილო ყურადღება, რომ განათლების სფეროში დაფინანსების გაზრდა, რა თქმა უნდა, არ მოხდება სხვა სფეროების უგულებელყოფის ხარჯზე და ეს იქნება სწორად დაბალანსებული პოლიტიკის ხარჯზე”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, “სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6%, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები