სალომე ზურაბიშვილი: აუცილებლად მიმაჩნია, რომ დიასპორას პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს

აუცილებლად მიმაჩნია, რომ დიასპორას პარლამენტში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ინტერესების დამცველი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც დიასპორა მრავალრიცხოვანია.
“აუცილებლად მიმაჩნია, რომ დიასპორას პარლამენტში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ინტერესების დამცველი. ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც დიასპორა მრავალრიცხოვანია. უნდა ვიმსჯელოთ ამ გამოცდილების გაზიარებაზე.
ასევე სასურველია ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული „ემიგრანტის სახლის“ დაარსება, რათა ჩამოსული თანამემამულეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ყველა საჭირო ინფორმაცია”, -გნაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიასპორა, რეგიონებთან და კულტურასთან ერთად, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პრიორიტეტად მიიჩნევს.
“მინდა, რომ ყურადღება გავამახვილო რამდენიმე ასპექტზე.
საზღვარგარეთ ვიზიტების დროს შევხვდი ჩვენს სტუდენტებსა და ემიგრანტებს. ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით საზღვარგარეთ დაბადებული თაობისთვის, სამშობლოსთან კავშირის შესანარჩუნებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქის სტატუსს. უნდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრაქტიკაში, სამწუხაროდ, ჯერ არ არის ისე გამარტივებული, როგორც ამას ელოდებოდნენ. ახლა იუსტიციის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ, რათა უფრო გამარტივდეს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების პროცედურები.
სტუდენტების სახით საზღვარგარეთის ქვეყნებში ჩვენ გვყავს დიდი ადამიანური კაპიტალი. მათ ვხვდები ყველა ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი მოვალეობაა, რომ მათ, ერთი მხრივ, შევუქმნათ სამშობლოში დაბრუნების ღირსეული პირობები, მეორე მხრივ კი, წასვლამდე მივაწოდოთ წინასწარი ინფორმაცია სამომავლოდ ქვეყანაში მოთხოვნადი სპეციალობების შესახებ, რათა არსებულ ბაზარზე ააწყონ თავიანთი პროფესიული გეგმები”, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები