სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება

“დღეს საქართველოსთვის, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
მისი თქმით, ნატო-ს დამოკიდებულება ჩვენს მიმართ ძალიან დადებითია. ზურაბიშვილის განცხადებით, მისი ვიზიტისას ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან, გენერალური მდივნისა და სამხედრო ხელმძღვანელობისგან საქართველოს მიღწევებთან, მის მიერ დაკმაყოფილებულ სტანდარტებსა და შესრულებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მაღალი შეფასებები მოისმინა.
„დღეს საქართველოსთვის, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება. ევროპის სამომავლო სახე დღეს იკვეთება; ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა 27 ქვეყანას საგანგებოდ მიმართა და შესთავაზა ახალი ევროპის კონცეფცია – „ყველასთვის ღია ევროპა“, რომელიც გაფართოებისა და გაწევრიანების არსებული მოდელების გადააზრებას მოითხოვს. იგი გვიხსნის ახალ გზებს, რათა უშუალოდ ჩავერთოთ „სხვადასხვა სიჩქარით“ წინ მიმავალ ევროპაში. ასეთ გზაზე ნაწილობრივ უკვე ვდგავართ, – გავხდით მთელი რიგი პროგრამებისა და ფორმატების მონაწილე და მივისწრაფით სხვა მიმართულებებში ჩართვისკენ. ასეთი ნაბიჯ-ნაბიჯ „შესვლის“ გამოცდილება გვაქვს განათლების, უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. ვართ ევროპოლის სრულყოფილი წევრი. ვითხოვთ, რომ საქართველო სრულფასოვნად იყოს ინტეგრირებული ევროპის კულტურულ სივრცეში. ჩვენ მიმართ მაღალია მზადყოფნა პარტნიორების მხრიდან, რათა გაითვალისწინონ ჩვენი, როგორც ასოცირებულ ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებული წევრის, განსაკუთრებული პოზიცია“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ მზადყოფნის დასტურია ევროპელი პარტნიორების მიერ ატაცებული საქართველოს გზავნილი – „მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა – საქართველოში“.
„ასევე, პოზიტიური განწყობის ნიშანია მათ მიერ დაანონსებული, მაღალი რანგის წარმომადგენლობითი მონაწილეობა ბათუმის კონფერენციაზე, სადაც საქართველოს საკუთარი პოზიციების დროულად წარდგენის შანსი ეძლევა. დროულად, რამეთუ წლის ბოლოსთვის იგეგმება საფრანგეთის მიერ ორგანიზებული მასშტაბური „კონფერენცია ევროპისათვის“, სადაც ახალი ევროპის კონცეფციას ხორცი უნდა შეესხას.ამასთან ერთად, შავი ზღვისა და კავკასიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფნის მიმართ ევროპის გაზრდილი ინტერესი ახალ პერსპექტივებს გვისახავს და შავი ზღვის ორ სანაპიროს შორის ფიზიკურ კავშირს აყალიბებს. ასევე, აზერბაიჯანში დიდი ინტერესი იყო გამოხატული ტრანსკასპიური და შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის ერთობლივი გამოყენების კუთხით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები