„ახალგაზრდა ადვოკატები“ – საქართველოში საქორწინო კონტრაქტი 151 ოჯახს აქვს რეგისტრირებული

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, საქართველოში საქორწინო კონტრაქტი 151 ოჯახს აქვს რეგისტრირებული. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა, სოფიო მექანარიშვილმა განაცხადა.
ორგანიზაციამ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში, ბოლო წლებში, საქორწინო კონტრაქტების არსებობის შემოწმებას და ქორწინებასთან დაკავშირებული მეუღლეთა უფლებებისა და ვალდებულებების კანონით რეგისტრაციის ფაქტს შეეხება.
სოფიო მექანარიშვილის განცხადებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოდან საკითხზე ინფორმაცია გამოითხოვეს.
„შესწავლის ფარგლებში, ინტერესი 2015-2018 წლებში საქორწინო ხელშეკრულების რეგისტრაციას, დადებული კონტრაქტების გაუქმების მაჩვენებელს, საქორწინო კონტრაქტის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს და ამ ხელშეკრულების მხარეთა ასაკობრივ მაჩვენებელს შეეხებოდა. ამასთან, ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია დასახელებულ პერიოდში განქორწინების სტატისტიკის თაობაზე. ასევე, ინფორმაცია 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლამდე მდგომარეობით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რამდენი საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია განხორციელდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ დასმული შეკითხვა მდგომარეობდა, თუ რამდენი სარჩელი დარეგისტრირდა საქორწინო კონტრაქტის შეცვლისა და შეწყვეტის მოთხოვნით“- განაცხადა იურისტმა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში სანოტარო წესით დამოწმდა 151 საქორწინო კონტრაქტი. ამასთან, დაცული მონაცემების მიხედვით, მხარეებმა გააუქმეს 3 საქორწინო ხელშეკრულება. მათივე ინფორმაციით, ერთიანი ელექტრონული რეესტრის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქორწინო ხელშეკრულების მონაწილე პირების ასაკის შესახებ ინფორმაცია არ მუშავდება.
„უცნობი რჩება კონტრაქტის სტანდარტული პირობებიც, ვინაიდან მხარეები ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავენ ინდივიდუალურად. ამასთან, ადგილი აქვს სამწუხარო რეალობას, როდესაც სასამართლო არ ახდენს მოთხოვნილი დავის საგნით ინფორმაციის (გადაწყვეტილებების) სტატისტიკურ აღრიცხვას. ამასთან, საქორწინო ხელშეკრულებების გაფორმებისა და შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება-შენახვა არ ხდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ“, – განაცხადა მექანარიშვილმა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში განქორწინების 37,892 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკა მზარდი მაჩვენებლით ხასიათდება.

მათივე ცნობით, საქართველოში 2015-2018 წლებში განქორწინებების სტატისტიკა ასეთია:
2015 წელი – 9 082;
2016 წელი – 9 513;
2017 წელი – 10 452;
2018 წელი – 8 845;
სულ – 37 892.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ, წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე, აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც.
„განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ, იმერეთში ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთში – 1739. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მასშტაბით ოჯახში დანაშაულის 746 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 61%- გახსნილია. ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისშია, ხოლო 2018 წელს მარტის თვის მდგომარეობით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 965-ს შეადგენს.

მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორიდანაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი უმეტესად ქალია“, – აცხადებს ორგანიზაციის იურისტი.

ცნობისთვის: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის თანახმად, მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები