გიორგი ქობულია თურქეთის ვაჭრობის საკითხთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თურქეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის დროს გაიმართა შეხვედრები თურქეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, აგრეთვე მონაწილეობა მიიღო საქართველო – თურქეთის საზღვარზე, თურქეთის მხრიდან სარფის საბაჟო – გამშვები განახლებული პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში.

თურქეთის ვაჭრობის საკითხთა მინისტრ რუჰსარ პექჯანთან შეხვედრისას განხილული იყო ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მინისტრები შეთანხმდნენ უფრო კოორდინირებულ ურთიერთობებზე, რომლებიც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო დააჩქარებს.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა.

აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2018 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 7 პროცენტით გაიზარდა, ასევე ზრდადი იყო ექსპორტის მაჩვენებელი, რომლის 7-პროცენტიანი მატებით თურქეთის საქართველოს მეხუთე ექსპორტიორი ქვეყანა გახდა.  ამავე დროს, საუბარი წარიმართა საქართველოში წარმოებული ცალკეული პროდუქციის, მაგალითად, თაფლისა და საქონლის ხორცის, თურქეთის ბაზარზე ექსპორტის გატანის გამარტივების მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი ვაჭრობის ზრდის პოტენციალი არსებობს და ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა, რომლის თაობაც ქვეყნებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ ცვლილებების ამოქმედება ახალ ბიძგს მისცემს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

მინისტრების შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის შეთანხმების ამოქმედების მნიშვნელობაზე დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების მიმართულებით. ქართულმა მხარემ აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება ჯერ კიდევ 2017 წელს მოხდინა, ამჯერად საუბარია თურქეთის მხარის მიერ შეთანხმების რატიფიკაციაზე.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობაზე საბაჟო სფეროში. აღინიშნა, რომ 2019 წელს საქართველოს საბაჟო სისტემაში ხორციელდება საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს ყველა საბაჟო სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციები ერთობლივად გაერთიანდებიან ამ პროექტში და უფრო გააღრმავებენ ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის არეალს, მოახდენენ საბაჟო კონტროლის სისტემების შემდგომ დახვეწას და რისკის მართვის პროცესის შემდგომი განვითარებით გააუმჯობესებენ თანამშრომლობას, ეს კი ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებისთვის თანაბარი და სამართლიანი შესაძლებლობების გარემოს შეუქცევად ჩამოყალიბებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები