გივი მიქანაძე კანადის პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ კანადის პარლამენტის კვლევითი და საპარტნიორო პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელებს ჟან-პოლ რუსზკოვსკის და ივო ბალინოვისა და კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კრის კუტერს შეხვდა.
კანადელი სტუმრები პარლამენტის აპარატში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმირების პროცესზე ინფორმაციას გაეცნენ და პარლამენტის კვლევითი და სასწავლო ცენტრების გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებებით დაინტერესდნენ.
გივი მიქანაძემ სტუმრებს პარლამენტის სასწავლო ცენტრის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ცენტრის კონცეპტუალური გაძლიერებისთვის შეიქმნა ორწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელთა პრეზენტაციაც მარტის შუა რიცხვებში იგეგმება. კანადის საპარლამენტო ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის აპარატის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მიმართულებების გამოკვეთის მიზნით, აღნიშნული დოკუმენტებით დაინტერესდნენ. გივი მიქანაძე პრეზენტაციის შემდეგ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დოკუმენტაციის გადაგზავნას დაპირდა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, პარლამენტის აპარატის უფროსმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გამოყო, რომელიც „მწვანე პარლამენტის” კონცეფციის ჩამოყალიბებას და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნას შეეხებოდა.
შეხვედრაზე კანადის საპარლამენტო ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებსაც გაეცნენ. გივი მიქანაძემ სტუმრებს პარლამენტის აპარატის ინიციატივით შექმნილ – აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ქსელის ფარგლებში უკვე განხორციელებული ღონისძიებების შედეგები გააცნო. კანადური მხარის მიერ პარლამენტების აპარატის უფროსების თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმის მიმართ დაინტერესება და შესაძლო თანამშრომლობის ინტერესი გამოითქვა.
„კანადასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე სახელმწიფოს წარმოადგენს და აღსანიშნავია, რომ კანადამ ეს სტატუსი საქართველოს შემდეგ გადაიბარა. ამდენად, როგორც კანადისთვის, ასევე საქართველოსთვის ორმხრივად საინტერესოა გამოცდილების გაცნობა და გაზიარება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კანადელი ექსპერტები ვიზიტის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში პარლამენტის სტრუქტურის ხელმძღვანელებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს და პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები