მაისაია: რუსეთი სამხრეთ ოლქში აპირებს, ე.წ. საარმიო მუშტი განათავსოს, ეს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული

რუსეთი სამხრეთ ოლქში აპირებს, რომ ე.წ. საარმიო მუშტი განათავსოს, რომლის რაოდენობა დაახლოებით 80-დან 100 ათასი ადამიანი იქნება. ისინი, როგორც ჩანს, მოებჯინებიან სამხრეთ კავკასიის ტერიტორიას. ეს არა მარტო საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ, გარკვეულწილად, აზერბაიჯანის წინააღმდეგაც, – ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მაისაიამ რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეების შესახებ ისაუბრა.
„არა მარტო 58-ე არმია, აქ უკვე საქმეშია ჩართული მე-8 არმია, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა. მე-8 არმიის მთავარი სამოქმედო არეალი კასპიისპირეთის მიმართულებაა, ანუ აზერბაიჯანი და საქართველო, ამ შემთხვევაში საუბარია კახეთის მიმართულებაზე. მე-8 არმია ფარავს ამ მიმართულებას. 58-ე არმია ფარავს ყაზბეგის, ლარსის და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს. ხოლო 49-ე არმია, რომელიც ასევე ებჯინება საქართველოს, ფარავს აფხაზეთის მიმართულებას. ფაქტობრივად, სამი პირობითი ფრონტია განთავსებული. რუსები გადადიან საფრონტო ოპერაციების განხორციელებაზე, იმიტომ, რომ, როგორც მოგეხსენებათ, 58-ე არმიაში შემავალი მე-19 მოტომსროლელი ბრიგადის საფუძველზე ხდება კიდევ დივიზიის შექმნა, რომელიც, ალბათ, დასრულდება ამა წლის მაის-ივნისის პერიოდში. ხოლო მე-8 არმიის შემადგენლობაში მყოფი 136-ე მოტომსროლელი ბრიგადის საფუძველზე, რომელიც დაღესტანშია დისლოცირებული და ასევე, საქართველოს ემიჯნება, მოხდება მეორე დივიზიის შექმნა. საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციას, ანუ გენშტაბს სამხრეთ ოლქის შემადგენლობაში, რომელიც არის ძირითადი ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება, რომლის მიმართულება ამ ეტაპზე უკრაინა და საქართველოა, ასევე, მოიცავს ნატოს ძალების, როგორც რუსეთის გენშტაბის წარმომადგენლები ამბობენ, შეკავებას, უკვე 4 დივიზია აქვს კონცენტრირებული.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კიდევ ერთი გეგმა გააჟღერა, რომ საჰაერო-სადესანტო ძალების შემადგენლობაში ემატება მეხუთე დივიზია, რომელიც, როგორც ჩანს, განთავსდება ასევე სამხრეთი ოლქის ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, რუსეთს ეყოლება ორი მუდმივმოქმედი, სწრაფი რეაგირების ძალების მქონე სადივიზიო შენაერთი. რუსეთი სამხრეთ ოლქში აპირებს, რომ ე.წ. საარმიო მუშტი განათავსოს, რომლის რაოდენობა იქნება დაახლოებით 80-დან 100 ათასი ადამიანი. ისინი, როგორც ჩანს, მოებჯინებიან სამხრეთ კავკასიის ტერიტორიას. ეს არა მარტო საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ, გარკვეულწილად, აზერბაიჯანის წინააღმდეგაც, რომ აზერბაიჯანი საბოლოოდ მოექცეს რუსეთის გავლენის ეპიცენტრში. ეს დაჯგუფება, როგორც ჩანს, დაეხმარება იმ 3 არმიას, ანუ რუსეთი მეორე ეშელონს ქმნის. შოიგუმ ასევე თქვა, რომ სამხრეთ ოლქის შემადგენლობაში რუსები ქმნიან სამობილიზაციო განვითარების ცენტრს. ანუ ეს არის პირდაპირი მუქარა, მიმართული საქართველოს წინააღმდეგ. სამობილიზაციო ცენტრის შექმნა, რომელიც უშალოდ განახორციელებს საომარი მოქმედებების დროს მეორე და მესამე ეშელონის რესურსების მობილიზებას, უკვე არსებული, პირველი და მეორე ეშელონის შემადგენლობის ფონზე, ქმნის საკმაოდ სერიოზულ სამხედრო საფრთხეს საქართველოსთვის“, – განაცხადა მაისაიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უწყების კოლეგიის სხდომაზე განაცხადა, რომ ნატო-ს სამხედრო პოტენციალის ზრდა მსოფლიოში უსაფრთხოების არსებულ სისტემას ანგრევს და აიძულებს რუსეთს, მიიღოს საპასუხო ზომები.
„ორჯერ მეტად გაიზარდა წვრთნების მასშტაბები და ინტენსივობა, რომლებშიც სულ უფრო აქტიურად რთავენ ნატო-ს არაწევრ უკრაინასა და საქართველოს. მსგავსი ქმედებები მსოფლიოში უსაფრთხოების არსებულ სისტემას ანგრევს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ალიანსი განაგრძობს ბალტიის ქვეყნებში, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში მოწინავე ბაზირების სისტემების განვითარებას.
„ამგვარ მდგომარეობაში ჩვენ იძულებული ვართ, ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ და სტრატეგიული შეკავების ღონისძიებები შენაერთებისას და სამხედრო ნაწილების საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების გეგმებთან ერთად გავატაროთ“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები