კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დავით გაგუას სახელობის საავადმყოფოში სასმელი წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „კვირას“ კომპანიაში განუცხადეს, ლუბლიანის ქუჩაზე სასმელი წლის შეწყვეტა წყალსადენის ერთ-ერთ ქსელზე ავარიულმა დაზიანებამ გამოიწვია.
„თბილისის რამდენიმე უბნისთვის და იქ განთავსებული დაწესებულებებისთვის, მათ შორის ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე დავით გაგუას სახელობის კლინიკისთვის წყალმომარაგების შეწყვეტა წყალსადენის ერთ-ერთ ქსელზე გუშინ საღამოს მომხდარმა ფარულმა ავარიულმა დაზიანებამ გამოიწვია. ავარიის შედეგად წყალი მეტროსადგურ „ღრმაღელეში“ ჩაედინებოდა. კომპანიისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვდა. რეალურად კი, დაზიანება მოხდა სანზონის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსთან გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ მილზე. იმის გამო, რომ დაზიანება ფარული იყო, კომპანიის ტექნიკურ სამსახურს ჯერ საძიებო სამუშაოების ჩატარება მოუხდა, შემდეგ სადიაგნოსტიკო ჯგუფმა ავარიის ხარისხი დაადგინა. დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, აუცილებელი გახდა წყალსადენის 900 მმ-იანი ქსელისა და ასევე, სხვა დიამეტრის ქსელების წყლისგან დაცლა, რამაც თბილისის გარკვეული არეალისთვის წყალმომარაგების შეწყვეტა, რიგი ქუჩებისთვის კი წყლის დაბალი წნევით მიწოდება გამოიწვია. რაც შეეხება გაგუას სახელობის კლინიკას, რომელიც იძულებული გახდა უწყლობის გამო დღეს დაგეგმილი ოპერაციები გადაედო და რის გამოც გულწრფელად ვწუხვართ, მაგრამ კლინიკის ადმინისტრაციას შეეძლო მიემართა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ და იმ შემთხვევაში, თუ კლინიკას არ გააჩნდა სასმელი წყლის საკმარისი სარეზერვო მარაგი, კომპანია სპეციალური ავტოცისტერნებით დაუყოვნებლივ მიაწვდიდა მას საჭირო რაოდენობით სასმელ წყალს. მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეწყვეტილა და ამჟამადაც მიმდინარეობს. გათიშული არეალისთვის წყალმომარაგების აღდგენა დღეს, საღამოს 8 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და ღამის საათებში წყალს ყველა გათიშული უბანი და ქუჩა, შესაბამისად, ყველა დაწესებულება ნორმალურ რეჟიმში მიიღებს“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დავით გაგუას სახელობის საავადმყოფოში დღეს დაგეგმილი ოპერაციები სასმელი წყლის შეწყვეტის გამო გადაიდო.