“მისასალმებელია, რომ მოსწავლეებს შეუმსუბუქდათ სკოლის გამოსაშვები გამოცდების ტვირთი, რადგან ისინი უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვისაც ემზადებოდნენ”
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ჩატარებული კვლევა და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ატაშეს, ელეონორ გარნიეს თქმით, საფრანგეთშიც არსებობდა სისტემა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს სჭირდებოდათ როგორც სკოლის გამოსაშვები გამოცდების, ასევე, უნივერსიტეტში ჩასაბარებელი გამოცდების ჩაბარებაც. ამ მიმართულებით საფრანგეთში გამოიკვეთა იგივე პრობლემები, რაც საქართველოში.
„ერთი, რომ ძალიან დიდი დატვირთვა იყო მოსწავლეებზე ამ ყველაფრისთვის მოსამზადებლად და მეორე, რომ უთანასწორო მდგომარეობაში ვარდებოდნენ მოსწავლეები, როდესაც სკოლის გამოცდების პარალელურად, უხდებოდათ დამატებით მომზადება, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ უნივერსიტეტის გამოცდებშიც“, – აღნიშნა ელეონორ გარნიემ და საფრანგეთში დღეს არსებულ სისტემაზე ისაუბრა.
გარნიეს თქმით, მისასალმებელია განათლების რეფორმის ის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს შეუმსუბუქდათ სკოლის გამოსაშვები გამოცდების ტვირთი, რადგან ისინი უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვისაც ემზადებოდნენ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმატიული იყო. წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჩატარებულ კვლევებზე, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა უთანასწორობა სწავლების ხარისხთან და შედეგებთან დაკავშირებით რეგიონებსა და დედაქალაქს, ასევე, დიდ ქალაქებსა და სოფლებს შორის. დამსწრე ორგანიზაციებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები სიტუაციის გაუმჯობესებისა და სასწავლო დაწესებულებების უკეთესი შედეგების მისაღწევად.
