ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა“ ჰოლივუდში, „მსოფლიო ვარსკვლავის“ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა“ ჰოლივუდში, „მსოფლიო ვარსკვლავის“ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე ანსამბლ „სამას“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ნათია ალფაიძემ, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „მემკვიდრეობას“ დირექტორმა მათე ტაკიძემ და „არტ-ფესტ ჯორჯიას“ პრეზიდენტმა ნინო ჭუმბურიძემ ისაუბრეს.
მათი ინფორმაციით, ივლისში ჰოლივუდში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი ტალანტებისთვის, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ ტალანტები (მოცეკვავეები, მსახიობები, მოდელები, ინსტრუმენტალისტები, ვოკალისტები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები) 65 ქვეყნიდან. მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მსოფლიო ვარსკვლავის ოქროს თასისთვის, ფულადი ჯილდოებისთვის. ჩემპიონატის მსვლელობის დროს ტარდება სემინარები და ვორქშოფები.
მათივე თქმით, „მსოფლიო ვარსკვლავი“- ეს არის ჩემპიონატი საშემსრულებლო ხელოვნებაში, რომელშიც საქართველო პირველად მონაწილეობს.
„ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა ჩვენთვის იმდენად, რამდენადაც 65 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველოს არასდროს მიურია მონაწილეობა. ეს არის დაახლოებით „ნიჭიერის“ მსგავსი პროექტი. რაც მოიცავს არა მხოლოდ ცეკვას , არამედ სამსახიობო ხელოვნებას, მეტყველებას, საცირკო ხელოვნებას და ვოკალს. ვარ ამ ჩემპიონატის სკაუტი. ბედნიერი ვარ, რომ, “სამას“ სახით პირველად მოგვიწევს, წარვდგეთ ჰოლივუდში. გრანტი წარმოადგენს 340 000 დოლარს. ყველაზე მცირე მოგება 10 000 დოლარია“- განაცხადა ნინო ჭუმბურიძემ.
მათე ტაკიძის თქმით, ანსამბლი „სამას“ სახით ქართული კულტურა კიდევ ერთხელ გაიელვებს ამერიკაში, რაც უმნიშვნელოვანესია.
„მინდა, მივულოცო ანსამბლ სამას“ ეს წარმატება. ეს ანსამბლი გამორჩეულია თავის ხელწერით. ზოგადად, მინდა, ვთქვა, რომ ქართული ფოლკლორი არის უმნიშვნელოვანესი სავიზიტო ბარათი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში . ჩვენ წარმოვადგენთ განსაკუთრებულ ქვეყანას ამ კონკრეტული მიმართულებით. ანსამბლი „სამა“ თავის შემოქმედებით მოხიბლავს ამერიკელ მაყურებელს, დარწმუნებული ვარ,რომელიმე საინტერესო პრიზს ჩამოიტანს. ანსამბლი „სამას“ სახით ქართული კულტურა კიდევ ერთხელ გაიელვებს ამერიკაში, რაც უმნიშვნელოვანესია“- განაცხადა მათე ტაკიძემ.
ნათია ალფაიძის თქმით, ანსამბლი თავისი ხელწერით გამოირჩევა.
„ანსამბლი მიემგზავრება 3 ნომინაციაში მიიღებს მონაწილეობას. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. იქნება თავისუფალი თემა , თეატრალიზებული თემა და არტ- ფოლკი. აქ მთლიანად უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი ფოლკლორი. ანსამბლი თავისი ხელწერით ნამდვილად გამოირჩევა. არავისას არაფერს იღებს, საკუთარი ქორეოგრაფია გააჩნია. მუსიკალური გაფორმებისთვის დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ბატონ ჭაბუკა ამირანაშვილს, რომელიც 15 წელია ჩვენთან ერთად მუშაობს“- განაცხადა ალფაიძემ.