დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესი დაგროვილი პრობლემების ამოხეთქვაა

ვერ ვხედავ ამის ნიშნებს, რომ ივანიშვილმა და იმ ხალხმა, ვინც გუნდიდან გადის, მოილაპარაკეს, ეს ასე მოხდეს და მერე რამეს ჩავიდენთო, – განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„ეს ასე არ არის. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ივანიშვილი არა თუ წასულებს, დარჩენილებსაც ვეღარ აკონტროლებს, ვინაიდან მისმა ავტორიტეტმა სერიოზული ეროზია განიცადა. ის ხშირად საუბრობდა ხოლმე ჭარბ ნდობაზე საზოგადოებაში, თუ გუნდში, მაგრამ ამ ჭარბი ნდობიდან პრაქტიკულად, აღარაფერი დარჩა და მინუსებშია წასული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამ განცხადებით დავით უსუფაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა, უმრავლესობიდან დეპუტაციის გასვლა და მათ მიერ ოპოზიციური ჯგუფის შექმნა საერთო სტრატეგია და ერთგვარი პოლიტიკური თამაში იყოს, როგორც ამას ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ორკესტრირებული პროცესია.

„არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ასეთი შეთქმულებების მოწყობა-განხორციელება ხდება; განსაკუთრებით, იმ ადამიანების მეშვეობით, ვინც ახლა გუნდი დატოვა. სხვა საქმეა ის, რომ რა თქმა უნდა, ივანიშვილი დაინტერესებულია, ამ ხალხმა სერიოზული პრობლემები არ შეუქმნას და შეიძლება, სხვადასხვა ტიპის ხერხით შეეცადოს მათ სადმე რამეში გამოყენებას, მაგრამ ეს ხალხი მისცემს თუ არა ამის საშუალებას, ეს მათზეა დამოკიდებული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესი მმართველ გუნდში დაგროვილი პრობლემების ამოხეთქვაა.

„მმართველ გუნდში პრობლემები შარშან ამ დროს იმ დონეზე იდგა, თავად ივანიშვილმა თქვა, საქმე ისე ცუდადაა, უკან დაბრუნება მომიწიაო და რა უფლება გვაქვს, არ დავუჯეროთ?! ამ პრობლემებმა ნელ-ნელა იჩინა თავი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები