ირაკლი შიხიაშვილმა მეგი გოცირიძეს სასამართლო დავა მოუგო

 

საქართველოში „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ირაკლი შიხიაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მეგი გოცირიძეს სასამართლო დავა მოუგო. ამის შესახებ შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქმე ეხება სარჩელს, რომელიც შიხიაშვილმა მეგი გოცირიძის წინააღმდეგ სასამართლოში იმ ბრალდებაზე შეიტანა, თითქოს შიხიაშვილმა რუსეთს ვეტერანების სიები გადასცა.
„მოგეხსენებათ, რამდენიმე თვეა სასამართლო დავა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელსა და ჩემს შორის იმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომ მან გააკეთა ცილისმწამებულური განცხადება, თითქოს, მე რუსეთის სპეცსამსახურებს გადავეცი ვეტერანთა სიები. ერთი შეხედვით, ღიმილისმომგვრელია ეს ცრუ ინფორმაცია, მაგრამ რომ დავუკვირდეთ სიღრმისეულად ამ თემას, დავინახავთ – როცა ადამიანს, რომელსაც შენი ქვეყნისთვის ყველა ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში გაქვს მონაწილეობა მიღებული, როცა სიკვდილის შიშს ამარცხებ შენს გვერდში, სანგარში მყოფი ბიჭების მხარდაჭერით და ერთად ყოფნით, ამ დროს მათ ღალატს გაბრალებენ, გაბრალებენ იმას, რომ უღალატე სამშობლოს, ეს რბილად რომ ვთქვათ, ძალიან აღმაშფოთებელია.
პროცესი გუშინ შედგა. ძალიან პარადოქსული იყო გადაწყვეტილება. მოსამართლემ გამოაცხადა, რომ არ შეინიშნება არანაირი დანაშაულის ნიშნები ჩემ მიერ ჩატარებული საქმიანობის პროცესში, მაგრამ ბოდიშის მოხდის ვალდებულება მოპასუხე მხარეს არ დააკისრა. ეს იყო ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებები. ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ“, – განაცხადა შიხიაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსამართლეები უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ.
„დღევანდელ პირობებში მიმაჩნია, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა იქნება ქვეყნის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული. იმიტომ, რომ ჩვენი მოსამართლეების დიდი ნაწილი არ არის მომზადებული იმ პასუხისმგებლობის სატარებლად, რასაც მოსამართლის პასუხისმგებლობა ჰქვია. ისინი არ არიან ჩამოყალიბებული მოსამართლეები არც ზნეობრივად, არც მორალურად, არც ცოდნის მიხედვით. მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილება მკაფიო დამტკიცებაა იმისა, რაზეც ახლა ვსაუბრობ”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები