ჰაერის დაბინძურების პრობლემა – რა რეგულაციების გამკაცრებაა დაგეგმილი

 

პარლამენტის საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში, რომელიც თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას ეხება, რამდენიმე დამაბინძურებელი გამოიკვეთა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.
ხუციშვილი სახალხო დამცველის ანგარიშსაც გამოეხმაურა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხს ეხება.
„ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის რეკომენდაციები და მისი ანგარიში, რაც გასათვალსწინებელია და აუცილებლად გავითვალისწინებთ. მინდა გითხრათ, რომ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დანერგა საკომიტეტო მოკვლევა. პირველი თემა რაც არჩეული იქნა, არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თემა.
გამოიკვეთა ჰაერის რამდენიმე სერიოზული დამაბინძურებელი. ერთ-ერთია ავტომობილები. იცით, რომ ტექნიკური დათვალიერება დაწყებულია, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა – საქართველოს ავტოპარკი საკმაოდ მოძველებულია. ბენზინის მიმართულებით უკვე ევრო 5-ის ტიპზე გადასულები ვართ, მაგრამ ჯერ არა დიზელის მიმართულებით. დღევანდელი ტექდათვალიერება ითვალისწინებს იმას, რომ ავტომობილს ვერ მოსთხოვ იმაზე მაღალ პარამეტრებს, რაც მას ქარხნულად ჰქონდა მინიჭებული. მაგალითად, „ჟიგულს“, რომელიც საბჭოთა მანქანაა, დღეს ვერ მოსთხოვ, რომ ედგას კატალიზატორი, ჰქონდეს გაწმენდის სხვა სისტემა. მერიის ძალიან კარგი ინიციატივაა, რომ 2020-ის ბოლომდე 700-ვე ავტობუსი ჩანაცვლდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით და კიდევ 200 ახალი ავტობუსი დაემატოს, ასევე, მეტროს ემატება რამდენიმე ახალი შემადგენლობა, რაც მოცდის რეჟიმს ამცირებს, ანუ მეტრო უფრო სწრაფი გახდება. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო პოპულარული უნდა გახდეს. რაც შეეხება ტექნიკურ დათვალიერებას, დღეს რა ნორმებიც არსებობს, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მომავალში ამ გამონაბოლქვის მიხედვით, შეიძლება, სტანდარტი უფრო გამკაცრდეს“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, ასევე პრობლემური საკითხია ჰაერის მტვრით დაბინძურება.
„მეორე მიმართულებაა მტვერი ქალაქში. მტვრის წყაროა როგორც მშენებლობები, ასევე ის, რომ სამწუხაროდ, ნიადაგი თბილისის გარშემო არის კლდოვანი ნაშალი, რომელიც თუ არ არის მწვანე საფარით დაფარული ამტვერების სერიოზული წყაროა. ძვირადღირებული ღონისძიებებია, ყველაფერი რომ დაფარო და თან მოუარო. მეორეა სამშენებლო მტვერი. ჩვენ ვგეგმავთ ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებას. დამეთანხმებით, ხშირია, როცა ღია წესით მიმდინარეობს ქვის მასალების დაშლა და მტვერდება ჰაერში. აუცილებლად, სველი მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული.
ასევე, ერთი თემაა, რომელიც ძალიან აწუხებს მოსახლეობას, ეს არის ტყვიის შემცველობა. აქ იკვეთება სულ სხვა წყაროები. ესენია იაფფასიანი კოსმეტიკა, საღებავები, სათამაშოები და უამრავი სხვა წყარო“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიში წარმოადგინა და სუფთა ჰაერზე უფლების მნიშვნელობაზე, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, როგორც საკითხის შესწავლამ გამოკვეთა, მიუხედავად ბოლო დროს ქვეყანაში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით ვითარება კვლავ მძიმეა, რასაც მრავალი გარემოება განაპირობებს.
„პრობლემურია, რომ ქვეყანაში არ ხდება ჰაერის დაბინძურების ზუსტი გავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რის უმთავრეს მიზეზადაც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემა სახელდება. კერძოდ, ჰაერის დაბინძურებას 6 ქალაქში განთავსებული 10 სადამკვირვებლო სადგური სწავლობს, რაც ქვეყნის მასშტაბით სრულფასოვან სურათს არ იძლევა; არ არის ინტეგრირებული მოდელირების სისტემა; არ იზომება ჰაერში ყველა იმ მავნე ნივთიერების კონცენტრაცია, რომელთა ნორმებსაც კანონმდებლობა განსაზღვრავს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაბინძურებული ჰაერის შეფასების პროგრამის ასამოქმედებლად მუშაობს
მავნე ნივთიერებებთან: გოგირდის დიოქსიდთან (SO2), აზოტის დიოქსიდთან (NO2), აზოტის ოქსიდებთან (NOx), ნახშირბადის მონოქსიდთან (CO) ერთად, განსაკუთრებით სახიფათოა მტვრის ნაწილაკები (PM10, PM2.5), რაც გაცილებით დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას ვიდრე სხვა ნებისმიერი ნივთიერება. საბოლოო ჯამში, ამ ნივთიერებათა სიჭარბე ზრდის ინსულტის, სიმსივნეების, რესპირატორული, კარდიოვასკულარული, ღვიძლის, თირკმლის და ფილტვის დაავადებების რისკს“- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
მათივე განცხადებით, ქვეყნის სატრანსპორტო სექტორში მდგომარეობას ავტოპარკის ყოველწლიური ზრდა და მოძველებული ავტომანქანების დიდი რაოდენობა (45%-ზე მეტი 20 წელზე ძველია) ამძიმებს.
„2019 წლიდან ამოქმედდა სრულად ტექდათვალიერება, თუმცა ინსპექტირება არ ითვალისწინებს ავტომანქანის გამონაბოლქვ აირებში ძირითადი დამაბინძურებლების, და უმთავრესად, აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობის კონტროლს, რაც სისტემის მნიშვნელოვანი სისუსტეა
შსს–ს არ აქვს ისეთი მანქანების გამოვლენის ეფექტური მექანიზმი, რომელთაც, ერთჯერადი ხელოვნური ჩარევის შედეგად, გავლილი აქვს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა მაინც აფრქვევს მავნე ნივთიერებებს
დედაქალაქში ეტაპობრივად ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ავტობუსები მოიხმარს დიზელის საწვავს, რომლის ხარისხიც საქართველოში არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს და ტექნიკური გამართულობის მიუხედავად, დაბინძურების საფრთხეს ქმნის.
რაც შეეხება საწვავის ხარისხზე განხორციელებულ მონიტორინგს, 2016 წელს სინჯები აღებული და შეფასებული იქნა მხოლოდ 9 ავტოგასამართი სადგურიდან, ხოლო 2017 წელს – 18 სადგურიდან, რაც ძალიან მცირე რიცხვია. მართალია, 2018 წელს შემოწმდა 143 ავტოგასამართი სადგური, თუმცა მათგან 136 ობიექტიდან აღებული იქნა მხოლოდ ბენზინის სინჯები და მასში მხოლოდ ტყვიის შემცველობა განისაზღვრა. ამდენად, არც გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგი შეიძლება იქნეს მიჩნეული ეფექტური ზედამხედველობის ფორმად”- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.
აქვე აღნიშნულია, რომ სამშენებლო პროცესში მყარი ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევას განაპირობებს ისეთი საქმიანობები, როგორებიცაა: დემონტაჟი, ბეტონის, ბურღვა, ქვიშის დაყრა, შედუღება, შეუფუთავი სამშენებლო მოედნებიდან მტვრის გაფრქვევა და სხვა.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით უმოკლეს ვადებში გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები და მოხდეს ერთის მხრივ ამ პროცესის მკაცრი რეგულირება და მეორეს მხრივ დადგინდეს მკაცრი პასუხისმგებლობა ამ წესების დარღვევისათვის”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციისთვის სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მუნიციპალიტეტს – როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკის დონეზე, დროული და ქმედითი ღონისძიებების განხორციელების რეკომენდაციებით მიმართა.

თამუნა შეყილაძე
  

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები