თბილისში, კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირება ფასიანი გახდება – რეგულაცია ადგილობრივ მოსახლეობას არ ეხება
ივლისიდან, კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მიმდებარე ქუჩებზე პარკირება ფასიანი გახდება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. ამასთან, ხმალაძე განმარტავს, რომ რეგულაცია მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს არ შეეხებათ.
„პარკირების საფასური ჯერ დადგენილი არ არის. საწყის ფასად 50 თეთრი განიხილება. ფასიანი პარკირება კეთდება, რათა შემცირდეს მანქანების მოხმარება, ჰაერის დაბინძურება და მოქალაქეებმა მეტად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. საპილოტე პროექტი იწყება იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდების ზრდა, გაუმჯობესება და მოდერნიზება. ივლისში, ლესელიძისა და მიმდებარე ქუჩებზე პროექტი დაიწყება. ამ ტერიტორიაზე გაზრდის მუნიციპალიტეტი ტრანსპორტის მიწოდებას. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიზნად ისახავს, რომ მცხოვრებელს შეუქმნას კომფორტი პარკირებაზე, ამიტომ საცხოვრებელ სახლთან სატრანსპორტო საშუალების პარკირებაზე არ გავრცელდება საათობრივი გადასახადი. სამსახურსა და ოფისებში მიმავალი თანამშრომლები უფრო მეტად უნდა მოიხმარდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ჩვენ თუ ამ მიზანს გამოვაცლით იდეას ან შევქმნით ისეთ მოდელს, რომელიც ამ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტყუილად ვაკეთებთ საათობრივ პარკირებას“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
ხმალაძის განმარტებით, მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის სრული განახლება მარტში დასრულდება და მუნიციპალურ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„ლესელიძეზე პირველ რიგში გაიზრდება სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და მიწოდება. ყველა მხრიდან მიმავალი ტრანსპორტი განახლდება, რომელიც მიდის ლესელიძეზე. რაც შეეხება სხვა უბნებს, აქ ფასიანი პარკირების შემოღება მას შემდეგ იგეგმება, რაც შემოვა ახალი ავტობუსები. წლის ბოლოს დაიწყება სხვა ქუჩებზე პარკირების საფასურის შემოღების დაგეგმვა. საფასური დადგენილი არ არის. მას დავადგენთ საკრებულოსთან მსჯელობის შედეგად. საფასურის დადგენა უნდა დავიწყოთ მინიმალური ოდენობიდან და გაიზარდოს პროცესში დაკვირვების შედეგად. საფასურმა უნდა მოგვცეს შედეგი და შედეგი უნდა იყოს შემცირებული ავტომობილები კონკრეტულ არეალებში“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.