სათხის სამონასტრო კომპლექსს კონსერვაცია-რესტავრაცია ჩაუტარდება
სათხის სამონასტრო კომპლექსის ქვის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება. V-X საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანებების ხარისხისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ტაძრის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM – The International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property) ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციებს დაექვემდებარება.
როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სათხის მონასტრის სარესტავრაციო მეთოდოლოგიისა და საკონსერვაციო სტრატეგიის შემუშავებას პროექტის მთელი მიმდინარეობისას იკრომის მიერ აღიარებული ექსპერტი, სტეფანო ვოლტა უზრუნველყოფს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მას სხვადასხვა სირთულისა და მნიშვნელობის ძეგლებზე (მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ძეგლებზე) საკონსერვაციო/სარესტავრაციო პროექტების მომზადებისა და წარმართვის დიდი გამოცდილება აქვს.
მონასტრის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება, არქიტექტორულ-არქეოლოგიური ანაზომების შესაბამისობაში მოყვანას, ახლადაღმოჩენილი მასალის დამუშავებას და კონსტრუქციული გადაწყვეტის პროექტის მომზადებას დაეთმობა.
შუა საუკუნეების უნიკალური ძეგლის გადარჩენას, საყდრისის კომიტეტის წევრები, 2016 წლიდან ითხოვენ.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, სათხის მონასტრის აღდგენითი სამუშაოები, 2017 წელს, საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიებსა და “არემჯის” შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო. სრული რეაბილიტაციის პროცესი ოთხ წელზეა გათვლილი და 2018-2021 წლებში კომპანია 480 000 ლარს დახარჯავს.
სათხის მონასტრის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპის დაწყების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი,დავით შერაზადიშვილი, ბოლნელ მთავარეპისკოპოსთან, მეუფე ეფრემთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად დაესწრო.