თორნიკე მამალაძე: ჩემი ძმა უდანაშაულოა, რაც არ ჩაუდენია არასდროს აღიარებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მისი აქცია არა ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ ოჯახის წევრის დაცვას ემსახურება.
​მისივე თქმით, რაც შეეხება საპატრიარქოს კიდევ ერთ განცხადებას, რომ მღვდელმსახურებისთვის მიწერილი წერილი, რომელზეც დეკანოზი საუბრობს, გაასაჯაროოს, დეკანოზის ძმა აცხადებს, რომ წერილი მას არ აქვს და ვერ გაასაჯაროებს.
„რაც შეეხება დისკრედიტაციას, რაშიც დღეს დაგვადანაშაულეს, არაერთხელ მითქვამს, რომ აქ ჩემი დგომა არ არის ეკლესიის წინააღმდეგ, აქ ჩემი დგომა არის ჩემი ოჯახის წევრის დაცვა. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩემთან პირად საუბრებში მამა ანდრიას არაერთხელ უთქვამს, რომ მას ჩემი წინააღმდეგი არაფერი აქვს. ის თანამიგრძნობს მე აქ დგომაში. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ განცხადებას, რომ მე დისკრედიტაციაში მადანაშაულებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება არ იქნება. ეს არის იმ ადამიანების განცხადება, ვინც ე.წ ციანიდის საქმის უკან დგანან და ვინც დღემდე ცდილობენ ჩემი ძმის საპყრობილეში გამოკეტვას.
​როგორც მეუფე დიმიტრიმ თქვა, ამ წერილს გავიტან წმინდა სინოდზე და იქ განვიხილავო. თუკი მეუფე დიმიტრი მიიჩნევს, რომ ეს არ არის საჯაროდ განსახილველი თემა, ჩემთვის მიუღებელია, რატომ ცდილობს საპატრიარქო იმ თემებზე საუბარს, რაც ეპისკოპოსებს არ სურს. რაც შეეხება საგამოძიებო მასალების გასაჯაროებას. ჩვენ თავდაპირველად ვითხოვდით სასამართლო სხდომები ყოფილიყო გახსნილი. მივმართეთ საპატრიარქოს, რომ მათაც მოეთხოვათ ეს, სამწუხაროდ, ხმა არავინ ამოიღო, რადგანაც იცნობდნენ საქმის მასალებს. მოგეხსენებათ, როცა პატრიარქი გერმანიიდან ჩამობრძანდა პროკურორები და მთავრობის წევრები იყვნენ მისულები, საქმის გარკვეული ნაწილები მიიტანეს, სურვილი არ გასჩენიათ, რომ საჯარო ყოფილიყო, რადგანაც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩემი ძმის წინააღმდეგ რაიმე სამხილები არ იყო“, – განაცხადა მამალაძემ.
ცნობისათვის, საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საპატრიარქო გამოძიებას მიმართავს, რომ გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალები გასაჯაროვდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები