თბილისში რეგიონული ბიზნესის ფორუმი -,,ღია დიალოგი“ გაიმართება
თბილისში, სასტუმრო ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ ხვალ რეგიონული ბიზნესის ფორუმი -,,ღია დიალოგი“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
როგორც „კვირას“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ფორუმი პრემიერ-მინისტრის პატრონაჟითა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიის მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გახსნის. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
ფორუმის ფარგლებში, მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ბიზნესასოციაციების 200-მდე წარმომადგენელს, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, საშუალება მიეცემა, შეკითხვები დაუსვას მთავრობის ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელებს და სხვადასხვა საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების წარმომადგენლებს.
ღონისძიების მიზანია მთავრობისთვის რეგიონული ბიზნესის პრობლემატიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, კერძო სექტორისთვის კი პრობლემატური საკითხების მთავრობის წინაშე დასაყენებლად, ეფექტური პლატფორმის შექმნა.
ფორუმის ფარგლებში, მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარდგებიან: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქონების ეროვნული სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები.