2019 – 20121 წლებში, საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარსა და ქვეყნის სამხარეო რწმუნებულებს 2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა გააცნო. გეგმის თანახმად, უახლოესი 3 წლის განმავლობაში, აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად, ქვეყანაში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი გაზიფიცირებული იქნება, მათ შორის, ისეთ დასახლებებში, რომლებსაც  გაზი არასდროს მიეწოდებოდა.

როგორც “კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ნათია თურნავას განცხადებით, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა სამინისტრომ მთავრობის დავალებით მოამზადა, და ის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. მისი შეფასებით, გაზიფიკაციის გეგმა ძალიან მასშტაბური და ამბიციურია, შედეგად, ბევრ რეგიონში გაზიფიცირების მაჩვენებელი 100 პროცენტს მიუახლოვდება.

“მთლიანობაში, გაზიფიცირებული აბონენტების რიცხვი საქართველოში 1,6 მლნ აბონენტს მიაღწევს, რაც 90 პროცენტზე მეტია. ეს არის ძალიან დიდი დახმარება, რათა გაზი ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„გაზიფიცირების შედეგად ჩვენ მივაღწევთ რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს – საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდება, ყოველივე მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის გამოყენებას საოჯახო მეურნეობებში, რაც დადებითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ გაზიფიცირება განხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში, რომლებიც გაზსადენებიდან საკმაოდ დაშორებულია და ამდენად, ასეთი დასახლებების გაზიფიცირების პროცესი იქნება საკმაოდ რთული. ამიტომ, ასეთი დასახლებების გაზიფიცირება მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი იქნება, რომლის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. სოზარ სუბარის განცხადებით, სამწლიანი პროგრამა 61,000 ოჯახს მოიცავს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ყურადღება მასშტაბურ სამუშაოებზე გაამახვილა, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში, განსაკუთრებით, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

შეხვედრაზე საქართველოს მთიანეთში არსებული დასახლებების გაზიფიცირების საკითხიც აღინიშნა. ითქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პროგრამის მომზადება განიხილება, რომელიც ასეთი დასახლებების გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი – ჯაბა ხმალაძე და კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები