რა მასშტაბური პროექტები განხორციელდება 2019 წელს იმერეთში – ინტერვიუ შავლეგო ტაბატაძესთან

რა მასშტაბური პროექტები განხორციელდება მიმდინარე წელს იმერეთში, რა ღონისძიებებს ატარებს ადგილობრივი ხელისუფლება სოფლების განვითარებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით – ამ და სხვა საკითხებზე მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ ვრცელ ინტერვიუში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე საუბრობს.
– ბატონო შავლეგო, თავდაპირველად რეგიონების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ვისაუბროთ, რა პრობლემები აწუხებთ მათ და როგორ ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა?
– დანიშვნის დღიდან ჩემი პრიორიტეტია, მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში და მათგან მოვისმინოთ ყველა ის საკითხი, რაც აქტუალურია, როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. სწორედ ამ მიზნით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეიქმნა სამი ჯგუფი და დავგეგმეთ იმერეთის 554–ვე სოფელში ჩავიდეთ და ხალხს მოვუსმინოთ. ამ მიმართულებით ჭიათურიდან დავიწყე მუშაობა და პრობლემების მოსმენა. შეხვედრებზე, ძირითადად, მოსახლეობა სასმელი წყლის სისტემისა და გზების მოწესრიგებას, გაზიფიცირებას, გარეგანათებას, სკოლამდელი დაწესებულებებისა და სპორტული მოედნების აშენება–რეაბილიტაციას ითხოვს. სოფლებში, სადაც უკვე ვიყავი, პრობლემები იდენტურია, მაგრამ ჩამონათვალიდან ისინი ირჩევენ პრიორიტეტებს, რისი გაკეთებაც პირველ ეტაპზე სურთ. ჩვენ ყველა ამ საკითს ვინიშნავთ, ვაანალიზებთ და საბოლოოდ, ერთიან ბაზას გავაკეთებთ, სადაც ყველა საკითხი აისახება, განისაზღვრება პრიორიტეტები და ეტაპობრივად მოხდება მათი გადაჭრა. ეს ბაზა დაგვეხმარება გეგმიურად განვახორციელოთ პროექტები და თითოეული მუნიციპალიტეტი სწორად განვავითაროთ.
სოფლების განვითარებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით სახელმწიფომ ნამდვილად კარგი პროექტი აღადგინა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 20 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა ეს თანხა გაორმაგდა და ახლა 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული. იმერეთის სოფლებში აქტიურად ტარდებოდა კრებები და მოსახლეობამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რა სჭირდება სოფელს პირველ ეტაპზე.
კრების შედეგად ისინი შეთანხმდნენ და ერთობლივად განსაზღვრეს, თუ რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს 2019 წელს მათ სოფლებში. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმისა, რომ სოფლად უფრო მეტი პროგრამა განხორციელდეს, ვიდრე იყო გასულ წელს. რამდენიმე სოფელში კრებას მეც დავესწარი და მინდა გითხრათ, რომ თითოეული მოქალაქე აქტიურად იყო ჩართული, საკმაოდ მაღალი აქტივობა დამხვდა. იყო აზრთა სხვადასხვაობაც, თუმცა, საბოლოოდ, კონკრეტულ საკითხებზე მაინც შეთანხმდნენ. მხარის მასშტაბით სოფლის კრება უკვე ყველგან ჩატარდა.
– როგორც უკვე ახსენეთ, შეხვედრებზე მოსახლეობა ძირითადად სხვა რიგ საკითხებთან ერთად გზების მოწესრიგებასაც ითხოვს, ამ მიმართულებით რა ღონისძიებები იგეგმება წელს?
-იმერეთის რეგიონში 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის 330 595 589 ლარია გამოყოფილი. აქედან თანხის უმეტესი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯება. 12–ვე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც ცენტრალურ ქუჩებს, ასევე სოფლებამდე მისასვლელ და შიდასაუბნო გზებს. შემიძლია, რამდენიმე მასშტაბური პროექტი გამოვყო. ამ ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძირულა–ხარაგაული–მოლითის 25 კმ–იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მალევე დაიწყება მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის 25 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც. ზემოაღნიშნულ ორივე ლოტს აზიის განვითარების ფონდი 80 მილიონი დოლარით აფინანსებს.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზის 20 კმ–იანი მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნული გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და ერთმანეთთან ორ რეგიონს – იმერეთსა და სამცხე–ჯავახეთს აკავშირებს.
ჩვენი რეგიონი და ზოგადად, აღმოსავლეთ საქართველო უმოკლესი გზით კიდევ ერთ რეგიონს, რაჭას დაუკავშირდება. ვგულისხმობ, საჩხერე–ონის დამაკავშირებელ გზას, რომლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ამჟამად მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 5,5 კმ მონაკვეთი დაიგება. საბოლოო ჯამში კი 50 კმ–ზე მეტი გზა უნდა დაიგოს. პროექტი 2 ხიდის მშენებლობასა და სანიაღვრე არხების მოწყობასაც ითვალისწინებს და იგი 2020 წელს დასრულდება.
აღსანიშნავია კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. საუბარია ორპირი–სოჩხეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, რომლითაც 15 სოფელი ისარგებლებს.
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და სამშენებლო კომპანიებს ვუყენებ ერთ მთავარ მოთხოვნას – ტენდერების მოგების შემთხვევაში, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებას. ასევე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ვადები და ყველა სამშენებლო კომპანიამ ობიექტები უნდა დაასრულოს დათქმულ პერიოდში, რათა მოსახლეობას ვადაში გაწელილი სამუშაოების გამო, დისკომფორტი არ შეექმნას.
– საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კვლავ პრობლემად რჩება წყალმომარაგების საკითხი, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით იმერეთში?
-წყლის პრობლემა რეგიონში მეტ–ნაკლებად არსებობს. აღარ მინდა, ამ კუთხით ქუთაისში არსებულ მდგომარეობას დეტალურად შევეხო. ყველამ კარგად იცით, რა ხარვეზებიც იყო. მოსახლეობისთვის მთავარია, როდის მიიღებს წყალს გრაფიკის გარეშე. ჩემი ინფორმაციით, სრული წყალმომარაგება ქალაქს 2019 წლის ზაფხულში ექნება. გარდა ამისა, ამ კუთხით, სამუშაოები ჭიათურაშიც მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებისთვის აზიის განვითარების ბანკიდან 36,6 მილიონი ლარია გამოყოფილი და სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სრული წყალმომარაგება მოხდება.
ასევე, წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებაც იგეგმება და უფრო მეტი სამუშაოები ჩატარდება, ვიდრე წინა წლებში ხორციელდებოდა. რეგიონში გვაქვს ისეთი სოფლები, სადაც წყალმომარაგება მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს. თუმცა გარკვეულ ნაწილში არის რეზერვუარები, რომლის რეაბილიტაციის შედეგადაც მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებას შევძლებთ. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა 2019 წელს სამუშაოები თითოეულ ასეთ სოფელში განვახორციელოთ.
– გაზიფიცირებასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?
გაზიფიცირებას რაც შეეხება, არსებული ინფორმაციით, 2019 წელს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები 25–მდე სოფელში დაიწყება. ასევე, არის სოფლები, სადაც წელს პროექტირება მოხდება და სამუშაოები 2020 წელს ჩატარდება. იმერეთის სოფლების უმრავლესი ნაწილი დღეს გაზიფიცირებულია, თუმცა, ჩვენი მიზანია, რეგიონის ყველა სოფელს ჰქონდეს ბუნებრივი აირი და ამ კუთხითაც აქტიურად ვმუშაობთ.
– უკვე დაანონსდა მასშტაბური პროექტი, რომელიც ქუთაისში რიონისპირა სახლების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, იქნებ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ პროექტზე?
– დიახ, „წითელი ხიდიდან“ „ჯაჭვის ხიდამდე“ არსებული ნაგებობები მე–19 საუკუნეში არის აშენებული და დღეს ის რეაბილიტაციას ნამდვილად საჭიროებს. პროექტი ისტორიული უბნისა და დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციას მოიცავს. აღნიშნული ტერიტორიის განვითარება ქუთაისისთვის უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში, ის ადამიანები დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს, ვინც ამჟამად ნაქირავებში მხოლოდ იმის გამო გადავიდნენ, რომ მათი საუკუნოვანი სახლები ინგრეოდა და საცხოვრებლად ყოველდღიურად უფრო საშიში ხდებოდა. ამ ზოლის განვითარება სარგებელს მოუტანს ქალაქსაც. პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ადგილი როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვისაც მიმზიდველი და საინტერესო გახდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაც იგეგმება. თუ დღემდე გალერეაში ექსპონანტები, რიგი მიზეზების გამო, არ იყო გამოფენილი და სათანადოდ დაცული, ეს პრობლემა მალე აღარ იარსებებს.
– ქუთაისთან ახლოს ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის აშენება იგეგმება, რამდენ მოქალაქეს მოემსახურება ობიექტი და ასეთი ტიპის ნაგავსაყრელის არსებობის მნიშვნელობაზეც რომ გვესაუბროთ.
– საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და ფრანგულ-სლოვენიურ კონსორციუმ „სადე-რიკოს“ (Sade Riko) შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ. ამ სფეროში ევროპული მიდგომა, პირველ რიგში, ისეთი ნაგავსაყრელების მოწყობას გულისხმობს, რომელიც იქნება ძალიან მაღალი გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის სტანდარტების. ის დისკომფორტი, რასაც მოსახლეობა განიცდის ნაგავსაყრელების სიახლოვეს, არ იარსებებს. ეს არის ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისთან ახლოს მიმდინარე წელს დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. მშენებლობაზე, სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება. ობიექტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქუთაისში არსებული ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას, მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვებას, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას. პროექტი ქართულ-გერმანული მხარეების ფინანსური თანამშრომლობით ხორციელდება. ადგილობრივ კონტრიბუციასთან ერთად, პროექტის დონორები არიან: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის EU-NIFF გრანტი. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონი ევროა.
-სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და სკოლების მშენებლობა იქნება თუ არა მიმდინარე წელს ერთ-ერთი პრიორიტეტი?
– ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ განათლება, ამ სფეროში რეფორმების დანერგვა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. იმერეთში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ეგიდით 17 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება, მათგან ორი სკოლა ზესტაფონში უკვე გავხსენით, ორი კი ქუთაისში  27 თებერვალს გაიხსნება.  რეგიონის მასშტაბით, სამუშაოებისთვის 10 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი და საერთო ჯამში 50 500 კვადრატული მეტრის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო პირობები 10 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება. პროექტის ფარგლებში წესრიგდება ფასადები, თავიდან ილესება კედლები, იგება ახალი იატაკი, იცვლება კარ-ფანჯრები, მონტაჟდება გათბობის ახალი სისტემა, ეწყობა ლაბორატორიები, სააქტო და სპორტული დარბაზები, ასევე, იცვლება სანტექნიკა.
გარდა მილენიუმის პროგრამისა, 2019 წელს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, იმერეთში 6 სკოლის მშენებლობა დაიწყება. სკოლები იმ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში შენდება, სადაც ამ მიმართულებით ყველაზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. მაგალითად ზესტაფონის სოფელ არგვეთში 120 მოსწავლე კერძო სახლში სწავლობს, იმის გამო, რომ სკოლის ძველი შენობა ექსპერტიზის დასკვით არის საფრთხის შემცველი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6–ვე სკოლის პროექტირება–მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. წელს, ასევე იგეგმება რამდენიმე სკოლის რეაბილიტაციაც. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და მჯერა, რომ სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის საკითხი შეუქცევადი იქნება.
აქვე დავამატებ, რომ 2019 წელს როგორც საჯარო სკოლების, ასევე, სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაციაც არის დაგეგმილი, რათა თითოეულ ბავშვს კომფორტულ გარემოში აღზრდის პირობა შევუქმნათ.
– ინვესტიციის კუთხით, რა მსხვილ პროექტებს უნდა ველოდოთ რეგიონში? 
– ინვესტიციის კუთხით, რაც უკვე დადასტურებით ვიცით, 2019 წელს სამშენებლო კომპანია „m² -უძრავი ქონება“ ქუთაისში ახალ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს ააშენებს. სასტუმრო, რომელიც ქალაქის ცენტრში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, 125 ნომერს მოიცავს. მას განსაკუთრებული ინტერიერი ექნება და საუცხოო ხედები. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ, მისი ოპერირების პროცესში 250-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტი 2020 წლის მე-4 კვარტალში უნდა დასრულდეს.
ასევე, 2019 წელს ტყიბულში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქურთუკების ქარხნის მშენებლობა იგეგმება, რომლის საინვესტიციო ღირებულება, პირველ ეტაპზე, 5 მილიონი აშშ დოლარია. პროექტს ,,საპარტნიორო ფონდი“ ჩინელ ინვესტორებთან ერთად განახორციელებს. დამზადებული პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე გასატანად ექსპორტისთვის იქნება გათვლილი და გადამზადების შემდეგ, საწარმოში 300-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.
რაც შეეხება წყალტუბოს, მას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რათა აღნიშნული კურორტის განვითარება კომპლექსურად მოხდეს. ინვესტორები დაინტერესებულები არიან კურორტით და მოლაპარაკებები სხვადასხვა დონეზე აქტიურად მიმდინარეობს.
– დევნილების საცხოვრებლებით უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ დეკემბრის ბოლოს, ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე 52 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა. პირველ ეტაპზე, ის ოჯახები დაკმაყოფილდნენ, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ. პროცესი გრძელდება და განსახლების მიზნით, ქუთაისში კიდევ 245 ბინაა შესყიდული. ჯამში, 2019 წელს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 725 ბინა განაწილდება.
წყალტუბოში უკვე დასრულდა ტენდერი და 420 დევნილი ოჯახისთვის 6 კორპუსის მშენებლობა დაიწყება. ამ ეტაპზე კი 140-ბინიანი 2 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ კორპუსებში დევნილების ბინებით უზრუნველყოფა 2019 წელს მოხდება. მშენებლობები დასრულების შემდგომ წყალტუბოში ყველა ნგრევადი ობიექტი დაიხურება.
2013 წლიდან დღემდე, იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი, ჯამში, 1300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.
– რა სახის პროგრამები ხორციელდება რეგიონში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად ?
– რეგიონის მასშტაბით, 12–ვე მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს ახორციელებს. მათ შეჭირვებული ოჯახებისთვის აქვთ უფასო სასადილოები, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის დახმარების პროგრამა, უფასო მგზავრობა, კომუნალური გადასახადების გადახდა თანადაფინანსებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა და კიდევ არაერთი პროგრამაა, რომელიც სოციალურად დაუცველებზეა გათვლილი. ამ მიმართულებით, წელს იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტში 15 487 389 ლარია გამოყოფილი.
– სასწრაფო დახმარების ცენტრების კუთხით რა ვითარებაა რეგიონში?
– იმერეთში თერჯოლის გარდ,ა სასწრაფო დახმარების ცენტრები ბოლო 3 წლის მანძილზე ყველგან აშენდა ან რეაბილიტაცია ჩაუტარდა. უკვე დღეს, სამედიცინო პერსონალს გაცილებით კომფორტულ გარემოში უწევს მუშაობა, ვიდრე ეს იყო გასულ წლებში. წელს კი აუცილებლად უნდა გადავჭრათ პრობლემა და ამ მიზნით, თერჯოლაში სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა იგეგმება. პროექტის განხორციელების შედეგად სამედიცინო პერსონალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში იმუშავებს.
-საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, იგეგმება თუ არა წელს იმერეთში მსგავსი ცენტრების გახსნა?
-გეთანხმებით, ბოლო პერიოდში იუსტიციის სამინისტროს ეგიდით, საზოგადოებრივი ცენტრების აშენება საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, რამდენიმე გასულ წელს იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა თუ სოფელში გაიხსნა. 2018 წლის დასასრულს ასეთი ცენტრები საჩხერესა და სოფელ საზანოში გავხსენით. ამასთან,  რამდენიმე დღეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება  ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ საწირეში. წელს კი 4 საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი. ზოგადად, აღნიშნული დაწესებულებები მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, 200–ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისით, უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერებით და ვიდეოკონფერენციის აპარატურით ისარგებლოს. ასევე, ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი ხდება, როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნები, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკითაც.
რაც შეეხება საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეძლებენ.
-სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მხრივ იგეგმება თუ არა რაიმე სიახლე უახლოეს მომავალში ?
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის აუზის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.
ასევე, უნდა მოეწყოს სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეები.
გარდა ამ მასშტაბური პროექტისა მუნიციპალიტეტებში იგეგმება მინი-მოედნების მოწყობა და რეაბილიტაცია.
-რა კეთდება რეგიონში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად და რა სიახლეები იგეგმება ამ მიმართულებით?
– თქვენთვის ცნობილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს პირველი აგვისტოდან 6 ახალი, „ევროპული“ მიმართულება დაემატება. ამ შეთანხმების შედეგად. საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შეიქმნება რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილი.
ქუთაისის აეროპორტში ფრენის განრიგს ახალი ქალაქები: ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი და ბარი დაემატა.
2018 წელს „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა (587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა. ეს ყველაფერი კი რეგიონში ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს. თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს მუშაობა და ქუთაისის ტურიზმის ცენტრში მისული ტურისტი ინფორმაციას არა მარტო ამ ქალაქის, არამედ იმერეთში ღირშესანიშნაობების შესახებაც მიიღებს. იმერეთის მართვის ტურიზმის ორგანიზაცია ყველა მათგანს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, სად რა კულტურული ძეგლებისა და ტურისტული ობიექტების ნახვა არის შესაძლებელი. 2019 წელს რამდენიმე ობიექტი გაიხსნება, ვანში დასრულდება არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა, გაიხსნება საწურბლიას მღვიმე წყალტუბოში, თერჯოლაში ახლახან გაიხსნა ნავენახევის მღვიმე. ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი საინფორმაციო ბროშურაში შევა, შეიქმნება ტურისტული მარშუტები და ტურისტებს შესაძლებლობა მიეცემათ, თავად აარჩიონ, თუ რისი დათვალიერება სურთ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები