ირაკლი კობახიძე: კანონპროექტის ტექსტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 98 წლის თავზე, საქართველოს პარლამენტში პრეტენზია პირველ რიგში, ერუდიციაზე, კონსტიტუციის ტექსტის კითხვაზე უნდა გვქონდეს და შესაბამისად, ამ პირობებში ამ კანონპროექტის მხარდაჭერა აბსოლუტურად დაუშვებელია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქვეყნის უმთავრეს კანონს ტექსტობრივად, უხეშად ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ამ საკითხის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები.

„უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ითქვა, რომ უმრავლესობა მზადაა, განიხილოს ეს საკითხი, იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში. მეტსაც გეტყვით, ქალბატონმა ეკამ გაიხსენა ეს: შარშან, როცა ჩვენ გვქონდა მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენმა ერთ-ერთმა უცხოელმა კოლეგამ დააყენა მაშინაც ეს საკითხი და იქ მე პირადად გამოვხატე ჩემი დადებითი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიცია არის ცხადი, ეს პოზიცია დაფიქსირდა კიდევ ერთხელ, პოლიტსაბჭოს განცხადებაში”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. საკითხის სამართლებრივ მხარეზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინიციატივის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან. „არის შემთხვევები, როდესაც კანონის კონსტიტუციურობის დადგენას სჭირდება სერიოზული სამართლებრივი, მეცნიერულიც კი, წიაღ-სვლები. მაგრამ ეს შემთხვევა არ გვაქვს სახეზე, როდესაც ტექსტობრივია შეუსაბამობა კონსტიტუციასა და კანონს შორის. ამ შემთხვევაში, გვაქვს ზუსტად ასეთი ტექსტობრივი შეუსაბამობა კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასა და იმ კანონპროექტს შორის, რომელიც არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური მხარეც განმარტა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში მოცემული მეორე მუხლის მესამე პუნქტი შეთანხმებული იყო ვენეციის კომისიასთან.

„გვაქვს გარდამავალ დებულებებში მოცემული მეორე მუხლის მესამე პუნქტი, სადაც პირველ წინადადებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე, პირველად გამწესების შემთხვევაში, უვადოდ განწესებამდე, მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება განწესდეს სამი წლის ვადით. თითოეული სიტყვა, რომელიც არის მოცემული ამ წინადადებაში, იყო შეთანხმებული ვენეციის კომისიასთან, გაიარა ეს ფილტრი და თითოეულ სიტყვაზე გვქონდა სერიოზული დისკუსია ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან. ეს არის აქ საკვანძო ჩანაწერი. კერძოდ, ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ინიშნება მოსამართლე იმ პრეზუმფციით, რომ სამი წლის გასვლამდე, ის უნდა გადაინიშნოს ან არ უნდა გადაინიშნოს, მაგრამ ამ საკითხის განხილვა არის სავალდებულო კონსტიტუციის ჩანაწერიდან გამომდინარე. შესაბამისად, ვერ ჩაიწერება დღეს კანონში ვერავითარი ნორმა, რომელიც შეზღუდავს სამი წლის გასვლის შემდეგ ამ საკითხზე მსჯელობას. ეს იქნება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა.

ასევე, გვაქვს აქ მოცემული მეორე წინადადება, რომელიც შეეხება 10 წლით გამწესებულ მოსამართლეებს. აქ გამოითქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ძირითადი და გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს ორ შემთხვევას: ერთი, ეს არის პირდაპირ უვადოდ დანიშვნა, მეორე, ეს არის უვადოდ დანიშვნა სამ წლიანი გამოსაცდელი ვადის პირობით. აქ არ იყო გათვალისწინებული 10 წლიანი ვადით გამწესება, რაც იყო პრაქტიკაში მოცემული კანონის საფუძველზე, 2013 წლამდე. 2013 წელს შეწყდა ეს პრაქტიკა. დღესაც არიან მოსამართლეები დანიშნული 10 წლიანი ვადით და ზუსტად ამ მოსამართლეებისთვის კონსტიტუციაში ჩაიწერა შემდეგი: განსაზღვრული ვადით გამწესებულ მოსამართლეზე, ცხადია, რაც წერია. უვადოდ გამწესების დათქმა, ესეც ცხადია, რაც წერია, მეორე პირობა, გავრცელდეს ორგანული კანონით დადგენილი წესით მისი უვადოდ გამწესების შემთხვევაში – აქაც ცხადია რაც წერია, ანუ, აბსოლუტურად ცხადია ჩანაწერი და იგულისხმება,რომ თუ მოსამართლე არის ათი წლით დანიშნული, ის არ ჩაითვლება ავტომატურად უვადოდ გადანიშნულად კონსტიტუციიდან გამომდინარე. ამის თეორიული დაშვება არსებობდა და იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო გამორიცხული, ჩაიწერა კონსტიტუციაში შემდეგი, რომ ეს ათწლიანი მოსამართლეები ავტომატურად არ ითვლებიან უვადოდ დანიშნულად, არამედ ამისთვის არის საჭირო საგანგებო აქტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან და ზუსტად ეს ჩაიწერა კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში. ანუ, არის სამი ჩანაწერი, ერთი ეხება პირდაპირ უვადოდ დანიშვნას, მეორე სამწლიანი დათქმით უვადო დანიშვნას და მესამე ეხება ათწლიან მოსამართლეებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი და ცხადი. ნათელია ისიც, რომ ეს ჩანაწერი, რომელიც მოცემულია, რომელიც ავტომატურად, ყოველგვარი დათქმის გარეშე გამორიცხავს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ჩანაწერებს. გარდა ამისა, ანრი ოხანაშვილმა ახსენა კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომელიც, არის ადამიანის ძირითადი უფლება. აქ საუბარია არა მხოლოდ გარდამავალ დებულებებზე ან რაიმე სხვა ძირითად ჩანაწერზე, საუბარია ადამიანის ძირითად უფლებებზე, კერძოდ, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაზე. წარმოიდგინეთ, ამ ჩანაწერით გვაქვს ასეთი მოცემულობა: არის ადამიანი, პირობითად, დანიშნული ორი წლის წინ,სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. მას გასდის ვადა მომავალ წელს და ამ ჩანაწერის თანახმად, შეუძლებელია მისი დანიშვნა 2025 წლამდე. ანუ, ადამიანმა შეიცვალა პროფესიული საქმიანობის მიმართულება, დავუშვათ, იყო აკადემიურ სფეროში დასაქმებული, გადმოვიდა სასამართლოში, ამისთვის ჩააბარა გამოცდა, დათმო ძველი სამსახური და ამ ადამიანს ეუბნები, რომ მომავალ წელს შენ არა მხოლოდ დაგიმთავრდება შენი სამოსამართლეო ვადა, არამედ ამ ვადის გაგრძელებაც არის შეუძლებელი. რა თქმა უნდა, ამას რომ წაიღებს მოსამართლე საკონტიტუციო სასამართლოში, ამ დავას ერთ წამში მოიგებს. ანუ კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, აქ არ არის საუბარი რაღაც წიაღ-სვლებზე, არის ცალსახად ტექსტობრივი წინააღმდეგობა კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 21 თებერვალს, 98 წლის თავზე პირველი კონსტიტუციის მიღებიდან, არ შეიძლება სერიოზულად მსჯელობა იმაზე, რომ,შეიძლება, მივიღოთ ისეთი კანონი, რომლის ტექსტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექსტს”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად არის შემუშავებული და არ არის გაზიარებული ვენეციის კომისიის მხოლოდ ორი რეკომენდაცია. მისივე თქმით, კონსტიტუცია სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს ეყრდნობა და შესაბამისად, მისი გადასინჯვა მიზანშეუწონელია.

“ერთი- პარლამენტი ჩავრთეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში და აქ გავითვალისწინეთ კონტექსტი და მეორე – არ გავითვალისწინეთ ის, რომ ჩავწერეთ გარდამავალ დებულებებში ზუსტად ის, რასაც ვსაუბრობთ, ანუ სამწლიანი დათქმა ჩავდეთ უვადო დანიშვნის შემთხვევისთვის. ამის წინააღმდეგი იყო ვენეციის კომისია, თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ მაინც გავწერეთ ეს კონსტიტუციაში. მთავარი აქ ის არის, რომ საქმე ეხება არა კონსტიტუციას და მასთან წინააღმდეგობას, არამედ საქმე ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, რომელზეც არის აგებული მოქმედი კონსტიტუცია და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც ზუსტად ეფუძნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. აქ ვმსჯელობთ იმაზე, მოქმედი სასამართლო კორპუსი იმსახურებს თუ არა დამოუკიდებლობას. ბუნებრივია, კონსტიტუცია ამ პრინციპიდან ვერ ამოვა. კონსტიტუცია უნდა ამოვიდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპიდან, რადგან ის გათვლილია ათწლეულებზე და ასწლეულებზე, უკეთეს შემთხვევაში. შესაბამისად, კონსტიტუცია ვერ დაეყრდნობა იმ პრინციპს, რომ ვინმეს, კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება არ მოსწონდეს კონკრეტული სასამართლო კორპუსი. კონსტიტუცია ეყრდნობა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს და ამ პრინციპის საფუძველზე არის შემუშავებული. შესაბამისად, კონსტიტუციის გადასინჯვის, ძირითადი დებულებების, ყოველ შემთხვევაში, არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს, პირიქით, რა თქმა უნდა, არის მიზანშეუწონელი ამის გაკეთება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, აღნიშნულზე უნდა იმსჯელოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. მისი განმარტებით, როდესაც არის ტექსტობრივი წინააღმდეგობა კონსტიტუციასა და კანონს შორის, პასუხისმგებლობას პირველ რიგში, იღებს პარლამენტი და მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. „რაც შეეხება პარლამენტის მიერ ამის შეფასებას, როდესაც, მაგალითად, პარლამენტი წერს დეპუტატების რაოდენობას საარჩევნო კოდექსში, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ 200 დეპუტატის ჩაწერა არის თუ არა კონსტიტუციური. ეს, არის პირველ რიგში, პარლამენტის და იურიდიული კომიტეტის პასუხისმგებლობა. როცა არის ტექსტობრივი წინააღმდეგობა კონსტიტუციასა და კანონს შორის, ამაზე პირველ რიგში, პასუხისმგებლობას იღებს პარლამენტი და ასევე, იურიდიული კომიტეტი და აქაც არის იგივე შემთხვევა,ზუსტად ანალოგიური. მე, ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ აქ საუბარია მარტივ რაღაცაზე – საფუძველი იმის რომ ეს კანონპროექტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი, არის ის, რომ კანონპროექტის ტექსტი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექსტს და ჩვენ, თუ გვაქვს პრეტენზია რაღაცაზე საქართველოს პარლამენტში 98 წლის თავზე პირველი კონსტიტუციის მიღებიდან, უნდა გვქონდეს პრეტენზია პირველ რიგში რა თქმა უნდა ერუდიციაზე,კონსტიტუციის ტექსტის კითხვაზე და შესაბამისად ამ პირობებში არის ამ კანონპროექტის მხარდაჭერა რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დაუშვებელი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის რამდენიმე წევრს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „კონსესუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას” შორის, აბსოლუტურად ყველაფერზე მეტყველებს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები