ეკა ბესელია: ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა იცის, როგორ მოდიოდა “შპარგალკები” პარლამენტში, ვის რა სურვილები ჰქონდა

ყოველთვის მქონდა პროტესტი იმაზე, რაც მიმაჩნდა, რომ იყო არასწორი და რაც არასწორია, უნდა გვეყოს გამბედაობა და შევცვალოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ნახეთ პრაქტიკა, რა მოხდა 2018 წელს და შემდეგ – ყველა მოსამართლე, რომელიც უვადოდ დაინიშნა, დაინიშნა ისე, რომ მან არ დაამთავრა გამოსაცდელი ვადა. პირველი პროტესტი მე მქონდა 2013 წელს. როდესაც ეს მოსამართლეები დაინიშნენ უვადოდ, მაშინ დავსვი კითხვა, რისთვის ვაკეთებთ ამ რეფორმას? მაშინ საჯაროდ არ მისაუბრია ამ თემაზე. საჯაროდ ვისაუბრე მას შემდეგ, რაც დავტოვე თანამდებობა. ძალიან ბევრ ადამიანს ახსოვს და ვისაც არ ახსოვს, შემიძლია გავახსენო და მოვუყვე, აქ დასამალი არაფერი არ არის. ყოველთვის მქონდა პროტესტი იმაზე, რაც მიმაჩნდა, რომ იყო არასწორი და რაც არასწორია, როცა პრაქტიკაში ხედავ, უნდა გვეყოს გამბედაობა და შევცვალოთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მან შიდა განხილვების, პოლემიკის ყველა რესურსი ამოწურა და მოსამართლეთა უვადოდ გამწესება არ შეჩერდა, თავს მორალური უფლება მისცა, რომ საკითხზე საჯაროდ ესაუბრა.
„ ჩვენ, წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობამ, 2016 წელს მხარი დავუჭირეთ შეფასებას ეს იყო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასების აქტი, რომლითაც შეფასდა 2004 – 12 წლების პირველ ოქტომბრამდე არსებული ვითარება ადამიანების უფლებების კუთხით. ჩვენ მაშინ იქ დავწერეთ, რომ ხელისუფლების სამივე შტო იყო სისტემურ დანაშაულში. აბსოლუტურად ყველა: ჩართული იყო სასამართლოც, პროკურატურაც და სამწუხაროდ ადვოკატთა დიდი ნაწილიც. მაშინ ის დასკვნა პარლამენტმა მიიღო და რეზოლუციას მხარი დაუჭირა და სასამართლოსთან დაკავშირებითაც იქ ჩვენი პოლიტიკური და სამართლებრივი განაცხადი გავაკეთეთ. ამიტომ ასახსნელი არავისთან არაა, რა პოზიცია გვქონდა ჩვენ ამ საკითხზე წინა მოწვევის პარლამენტში, მაგრამ ამის შემდეგი ნაბიჯები რაც უნდა გაგვეკეთებინა იყო ის, რაც 2017 წელს დავიწყე სასამართლოს რეფორმის მეოთხე ეტაპი და ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა იცის, ვის რა პოზიცია გვქონდა რეფორმის დროს, ვინ რას ვეწინააღმდეგებოდით, როგორც მოდიოდა “შპარგალკები” პარლამენტში, ვის რა სურვილები ჰქონდა და როგორ ხდება ამ წინააღმდეგობის გაწევა, ამას ხედავდა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი . ჩემი ორწლიანი შიდა წუხილი თუ პროტესტი სულ უკავშირდებოდა ამ თემებს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო და დრო აქვს იმასაც, როცა ამოწურავ ყველა შესაძლებლობას ილაპარაკო იმდენჯერ და იმდენ ადამიანთან, სადაც შესაძლებელია, რომ გადალახო ეს რუბიკონი, ამის შემდეგ, შინაგანად მორალურად ალბათ იმის უფლება გაქვს, რომ მერე უკვე საჯაროდაც ისაუბრო. მე ყველა ეთიკური სტანდარტი დავიცავი, როცა ამოვწურე შიგნით საუბრის ყველა რესურსი შიდა დისკუსიის, პოლემიკის, თუნდაც მწვავე პოზიციის“, – აცხადებს ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები