მაია ცქიტიშვილი: ერთია ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორე – საგამოძიებო მოქმედებები რომელიც „თიბისი ბანკს“ ეხება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, უნდა გაიმიჯნოს ანაკლიის პორტის მშენებლობა და ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც „თიბისი ბანკს“ უკავშირდება. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს.
„მამუკა ხაზარაძემ გუშინ აღნიშნა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის ძალიან კარგი თანამშრომლობაა. მინდა გამოვეხმაურო ამ ფაქტს და დავადასტურო, რომ ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რათა დავეხმაროთ მათ და ხელი შევუწყოთ. კერძოდ, ორიოდე კვირის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საერთაშორისო საფინანსო ბანკების წარმომადგენლებთან და ჩვენ მუდმივად და ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ამდენად, მინდა გავმიჯნოთ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან. ერთი არის ანაკლიის პორტის მშენებლობა და ამ მიმართულებით მთავრობის რამდენიმე ძირითადი სტრუქტურის მხრიდან აქტიური თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ამ პროექტის მხარდაჭერა და მეორეა – ის საგამოძიებო მოქმედებები ან საკითხები, რომელიც უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას ეხება. ამდენად, მე ამ ორ რამეს ერთმანეთთან არ დავაკავშირებდი და ჩვენი, როგორც მთავრობის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები