გივი მიქანაძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ოფიციალური შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ, ქალაქ ბრიუსელში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სათაო ოფისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან დეივიდ ჰობსთან და მის მოადგილე რუქსანდრა პოპასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.

შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით შედგა, რომელზეც აპარატის უფროსმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის და პარლამენტის განახლებული რეგლამენტის თაობაზე. გივი მიქანაძემ დეტალურად მიმოიხილა, საქართველოს პარლამენტის აპარატში განხორციელებული და ამჟამად მიმდიმარე რეფორმები, რასაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა.

შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს შედგება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

ქართული მხარის ინიციატივით შეხვედრაზე განხილეს თბილისში მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების მონაწილეობით ორდღიანი კონფერენციის ჩატარება. ეს ღონისძიება მიეძღვნება რეგიონის ქვეყნების საერთო გამოწვევებისა და ინტერესების განხილვას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გამოკვეთას. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი მიესალმა ამ ინიციატივას და გამოხატა მზაობა ღონისძიებაში მონაწილეობის თაობაზე.

გივი მიქანაძის შეთავაზებით განიხილეს შავი ზღვის რეგიონის ნატო-ს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, აგრეთვე საგარეო ურთიერთობების კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისთვის ნატოს ეგიდით საქართველოში თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე ყოველწლიური აკადემიის დაფუძნება, სადაც სასწავლო კურსს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს წარმომადგენლები და ნატოს ექსპერტები წარუძღვებიან. აღნიშნული ინიციატივა მოწონებულ იქნა და ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ ეს საკითხი საბოლოო განსჯისა და გადაწყვეტისთვის განხილული იქნება სექტემბერში დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მიღწეულ იქნა შეთანხმება 2019 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის აპარატის ერთი თანამშრომლის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოში სტაჟირების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები