ლადო ბედუკაძე: “ნაცები” ძალაუფლების დაბრუნებისთვის და საზოგადოებაზე რევანშისთვის ემზადებიან

0

„ნაცები” ძალაუფლების დაბრუნებისა და საზოგადოებაზე რევანშისთვის ემზადებიან“, – ამის შესახებ ციხის სკანდალური კადრების ავტორი, ლადო ბედუკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ლადო ბედუკაძე გამოცემასთან მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის შესახებ საუბრობს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 14 თებერვალს, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში მოხდა.
მისი თქმით, მას თავს ყოფილი პატიმარი, თენგიზ ნაზღაიძე დაესხა, რომელმაც საპატიმრო 2015 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.
თუმცა, ნაზღაიძეს, რომელიც განზრახ მკვლელობის მუხლით იყო გასამართლებული, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
თავად ბედუკაძემ ყოფილი პატიმარი ვერ იცნო და აცხადებს, რომ მასზე შურისძიება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა.
სწორედ ამ მიზნით, მისივე თქმით, „ნაცებმა“ ნაზღაიძე გამოიყენეს.
„ოდესმე, მართლაც რომ მქონოდა შეხება და 2008 წელს წამების გზით მომეპოვებინა მისგან მკვლელობის აღიარებითი ჩვენება, თუ მკვლელობა თავის დროზე დააბრალეს, რატომღაც არასოდეს დაუყენებია მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვის მოთხოვნა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ნაზღაიძემ ციხეს თავი 2015 წელს ავადმყოფობის სიმულირებით, ე.წ. აქტიროვკით, დააღწია. „აქტიროვკა“ მომაკვდავი პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლებას ნიშნავს. თუ სასწაული მოხდა და ასეთი სნეული გამოჯანმრთელდა, კანონის თანახმად, სასჯელის დარჩენილი ვადის ამოწურვამდე ციხეში უნდა შეაბრუნონ. ფაქტია, რომ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩამდენი საშიში დამნაშავე თავისუფლად დადის, თანაც ისეთ შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია, საჩხუბრად „იქაჩება“, ალბათ, ჩემზე ანგარიშსწორების საფასურად ციხიდან საბოლოოდ დახსნას დაჰპირდნენ“, – აცხადებს ლადო ბედუკაძე.
მისივე თქმით, ეჭვი, რომ ნაზღაიძე „ნაცებისგან“ იყო გამოგზავნილი უფრო მეტად უმძაფრდება.
„ჩემ მიმართ ნაზღაიძისა და მისი დედის ბრალდებები ერთი ერთში ემთხვევა ნიკა გვარამიას „შეკრებილ მტკიცებულებს“, რასაც სინამდვილესთან არაფერი აკავშირებს, მას გააჩნია ერთადერთი მიზანი – ჩემი დისკრედიტაციითა და შავი პიარით მოახდინონ “ნაცჯალათების” რეპუტაციის რეაბილიტაცია, რის გარეშეც ხელისუფლებაში მათი დაბრუნება შეუძლებელია. დღემდე უამრავი ჯალათი დადის თავისუფლად, მაგრამ რაღაც არ მსმენია მათგან დაინვალიდებული ათასობით ყოფილი პატიმრიდან რომელიმეს შური ეძიოს“, – აცხადებს ლადო ბედუკაძე.
ამავე ინტერვიუში სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელი იმ გარდაცვლილი პატიმრების შესახებ სტატისტიკურ მონაცემზე საუბრობს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების სამინისტროს საპატიმროებში დაფიქსირდა.
„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეფის, ნიკოლოზ ანზორის ძე გვარამიას პროკურორობის დროს, სასჯელაღსრულების სისტემაში მარტო 2007 წელს 101 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო მთლიანად სააკაშვილის რეჟიმის პირობებში 801 პატიმარი დაიღუპა“, – ამბობს ლადო ბედუკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი