მამუკა ბახტაძე: საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი

0

საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე ექვსი ქვეყნისთვის კარიბჭეს წარმოადგენს.

„საქართველოს აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ლოგისტიკურ კონტექსტში. ჩვენ ვართ ერთი სარტყელისა და გზის ინიციატივის მონაწილე. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ჩინეთთან. ეს ქვეყანა უკვე ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ვხედავთ, რომ ვაჭრობა ვითარდება და იზრდება თურქეთსა და ჩინეთს შორის, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. ამდენად, თუ რუკას შეხედავთ, დარწმუნდებით, რომ საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ის ხელს შეუწყობს ამ მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. ჩვენ ამ კონტექსტში მხოლოდ ძალიან კარგ შესაძლებლობებს ვხედავთ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, დისკუსიისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებაც.

„გასულ წელს ნატომ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველო საბოლოო ჯამში გაწევრიანდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თემატურ დისკუსიაში, რომელსაც ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტი იან ბრემერი მოდერატორობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი