დავით ზალკალიანი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობას, რომელსაც ახალი იმპულსი და სიღრმეები შესძინა ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტმა საქართველოში. მათი შეფასებით, წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოხატულებაა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილი ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც მომავალ კვირას განხორციელდება.
შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა ქართული მხარის ინიციატივით დაფუძნებულ გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივ დიალოგს, რომლის პირველი შეხვედრაც გასულ წელს, პარიზში გაიმართა და იმედი გამოითქვა, რომ აღნიშნული ფორმატი წარმატებულ გაგრძელებას ჰპოვებს და რეგულარულ ხასიათს მიიღებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რომლის შედეგადაც საქართველომ ხელშესახებ წარმატებებსა და პროგრესს მიაღწია ამ გზაზე. ასევე, ხაზი გაესვა გერმანიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფედერალური კანცლერის მრჩეველს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკირი ინტეგრაციის მიზნებსა და ამ მხრივ სამომავლო გეგმებს.
შეხვედრაზე გერმანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია რეგიონალური მასშტაბის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებშიც საქართველო არის ჩართული. მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის მხრიდან ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმაში საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ჩართვას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ევროკავშირის მხრიდან და ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას ევროკავშირისთვის.