ამერიკელმა სენატორებმა, შაჰინმა და ჯონსონმა, საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა გამოუცხადეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა რონ  ჯონსონმა და სენატორმა ჯინ ჯაჰინმა შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და აშშ-ის სენატში არსებილ ორპარტიულ მხარდაჭერაზე ისაუბრეს. შეხვედრა დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

როგორც ,,კვირას“ უწყებიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა სენატორებს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა აშშ-ის სენატორ ჯინ ჯაჰინის თანაავტორობით შესული ,,კრემლის აგრესიისგან ამერიკის უსაფრთხოების დამცავი 2019 წლის კანონპროექტი“, რომელშიც აშშ-ის კონგრესის სხვა, მრავალი წინამორბედი საკანონმდებლო დოკუმენტის მსგავსად, კვლავაც ასახულია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი დებულებები.

საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას, მათ შორის, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებს შეეხო.

სენატორებმა, შაჰინმა და ჯონსონმა, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ სენატში შესული დოკუმენტი მიზნად ისახავს, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, გაზარდოს მასზე ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა.

ჯინ შაჰინმა და რონ ჯონსონმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პროგრესს დემოკრატიული რეფორმების,ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

,,ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დავუდასტურეთ, რომ აშშ-ის კონგრესში და მით უფრო სენატში, თქვენი ქვეყნის მიმართ დიდი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. გვახარებს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები და მათი უწყვეტი ხასიათი,“- განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

საქართველოს მიერ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ხაზი გაუსვა სენატორმა რონ ჯონსონმა და ყურადღება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გაამახვილა.

,,ყოველთვის გვაფიქრებს რუსეთის გეგმები და ქმედებები. გვსურს, გვქონდეს საპასუხო რეაქცია. ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ორპარტიული მხარდაჭერა დაგვედასტურებინა,“- აღნიშნა სენატორმა ჯონსონმა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი, დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები