გია აბაშიძე: კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეების მხრიდან სასამართლო სისტემისადმი ნდობა საკმაოდ მაღალია

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კვლევის „საქართველოს სასამართლოს სიტემის აღქმა მოსახლეობის მიერ“ შედეგებს პოზიტიურს უწოდებს. როგორც აბაშიძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მოსახლეობის განწყობამ აჩვენა, რომ მოქალაქეების მხრიდან სასამართლო სისტემისადმი ნდობა საკმაოდ მაღალია. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, სასამართლო სისტემაში კვლავ რჩება გარკვეული ხარვეზებიც, რომლებიც უნდა გამოსწორდეს. “პირველ ყოვლისა, უმთავრესია, რომ ეს კვლევა ავტორიტეტულმა და გამოცდილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა. ეს იყო პირველი სიღრმისეული კვლევა ჩვენს ქვეყანაში – სასამართლო რეფორმების შეფასების მიმართულებით. ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არსებული ხელისუფლება არ შეუშინდა, გაესინჯა თავისი მაჯის ცემა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევა ჩატარდა იქამდე, ვიდრე დაიწყებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თემაზე დისკუსია. ანუ, ჩატარდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჯერ კიდევ პოსტსაარჩევნო პერიოდი იყო. შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოების აღქმა სასამართლო სისტემაზე, მართლმსაჯულებაზე, საკმაოდ პოზიტიურია და შეესაბამება ევროპული ქვეყნის მაჩვენებელს, რაც ძალიან კარგია. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ არსებობს ხარვეზები და ამ ხარვეზებს გამოსწორება უნდა. მაგალითად, ამ კვლევამ დამანახა, რომ ხალხი ხარვეზად ხედავს იმას, რომ სასამართლო არის ნელი და ძვირი. ვფიქრობ მიზანშეწონილი იქნება, რომ ბევრი სასამართლო დავა გადავიდეს მედიაციის სფეროში. რაც შეეხება სიძვირეს (საადვოკატო მომსახურება, ბაჟი, და ა.შ.) – ხელისუფლება მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიაზე უფასო იურიდიულ მომსახურებას იძლევა, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ მეტი გააკეთოს უფასო იურიდიული დახმარების სახით სოციალურად შეჭირვებული ფენებისათვის და, ასევე, არასამთავრობო სექტორიც ჩაერთოს იმ მხრივ, რომ მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარება შესთავაზოს არამხოლოდ პოლიტიზირებულ საქმეებთან დაკავშირებით, არამედ – სხვა მიმართულებებითა“, – განუცხადა „კვირას“ გია აბაშიძემ.
ცნობისთვის, „IPSOS France“-ს, „Amicus Curiae“-სა და პროფესორ იან ვან დაიკის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს. კვლევა იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმებმა „IPSOS France“-მა, „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, „გორბმა“ ჩაატარეს. 2013 რესპონდენტი, საქართველოს მასშტაბით, 2018 წლის 10 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები