გიორგი მიქაუტაძე: სასამართლოს მიმართ მოსახლეობის სანდოობა 50%-ზე მეტია

„სასამართლოს მიმართ მოსახლეობის სანდოობა 50%-ზე მეტია“, – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე და იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება.
მიქაუტაძის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ასახული პოზიტიური ტენდენციები სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგია. „შემიძლია, მაგალითად მოვიყვანო, რომ სასამართლოს მიმართ მოსახლეობის სანდოობა 50%-ზე მეტია. დაახლოებით ამდენივე პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. ეს ის ციფრებია, რომლებიც ევროპის ე.წ. ახალგაზრდა დემოკრატიებში არის და საქართველო, ამ მონაცემებით, ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს წინ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კვლევა ჩატარდა, რის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. „სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“ კვლევა კონსორციუმებმა IPSOS France-მა და „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, „გორბმა“ ჩაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები