რატი იონათამიშვილი: შშმ პირთათვის სივრცის მოწყობის სამშენებლო სტანდარტები უნივერსალური დიზაინის თანამედროვე სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში უნდა მოვიდეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებთან დაკავშირებით, შშმ პირთა ორგანიზაციებისა და სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე, განიხილეს თემა – „შშმ პირთათვის სივრცის მოწყობის სამშენებლო სტანდარტების ჰარმონიზაციაში მოყვანა უნივერსალური დიზაინის თანამედროვე სტანდარტებთან და აღსრულების მექანიზმები”.
„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე, უმთავრესი გამოწვევა ის არის, რომ უნივერსალური დიზაინის პრინციპით ხდებოდეს ფიზიკური გარემოს ადაპტირება. ანუ, მათთვის შესაძლებელი გავხადოთ უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე დაფუძნებული გარემოს ხელმისაწვდომობა”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ამ მხრივ, ორი მნიშვნელოვანი გამოწვევაა: ერთი – საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილში, სადაც არაა ეფექტური აღსრულების მექანიზმები და, ასევე, არაა განსაზღვრული საზედამხედველი ორგანო, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი. მეორე ის, რომ მოქმედი ტექნიკური რეგულაციები უნივერსალური დიზაინის თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების შესაბამისი არ არის.
პარლამენტის წევრის განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტის პარალელურად, მუშაობა სივრცის მოწყობის რეგლამენტზეც არის დაწყებული.
„სამუშაო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს, ისე – დარგობრივი სამინისტროებისა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს, რათა, კანონის ამოქმედებასთან ერთად, მოხდეს სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტების ჰარმონიზაცია უნივერსალური დიზაინის სტანდარტებთან”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.