ანრი ოხანაშვილი: საზოგადოება მაღალ შეფასებას აძლევს სასამართლო სისტემის ნდობასა და დამოუკიდებლობას
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კვლევა, რომელსაც ჰქვია „საქართველოს სასამართლოს სისტემის აღქმა მოსახლეობის მიერ”, პოზიტიურია; თუმცა, სასამართლოს სისტემის რეფორმა უნდა გაგრძელდეს.
მისი თქმით, კვლევით, რომელიც ფრანგულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, IPSOS France-მა ჩაატარა, იკვეთება, რომ სასამართლო სისტემის ნდობასა და დამოუკიდებლობას საზოგადოება მაღალ შეფასებას აძლევს.
„გავეცანით კვლევას, რომელიც ეკუთვნის მართლმსაჯულების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კვლევით ორგანიზაციას მსოფლიოში. მათ ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარეს. იკვეთება, რომ ქართველი საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა, ისეთივე მაღალ შეფასებას აძლევს სასამართლო სისტემას, სასამართლოსადმი სანდოობის, ეფექტურობის თვალსაზრისით, როგორც ევროპის ქვეყნის მოქალაქეები თავიანთ სასამართლო სისტემებს აძლევს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ, ამ კვლევის თანახმად, ის შტურმი, რასაც ჩვენ ბოლო თვეების მანძილზე ვხედავთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სრულიად აცდენილია ჩვენი საზოგადოების სასამართლოსადმი განწყობას. ჩანს, რომ არის გამოწვევები და ხარვეზები, რისთვისაც აუცილებელია კიდევ შემდგომი რეფორმირება მართლმსაჯულების სფეროში”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული კვლევა, ძირითადად, 1-ელ მე-2, მე-3 ტალღის რეფორმას ეფუძნება, რომელიც „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ხორციელდება.
„მთლიანობაში, ეს კვლევა არის ძალიან პოზიტიური. კიდევ ერთხელ ადასტურებს ისეთი რეიტინგული საერთაშორისო ორგანიზაციის გამოკვლევებს, როგორიცაა „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი”, რომ ევროპის ქვეყნების ოცეულში შედის სასამართლო სისტემა ეფექტურობის, დამოუკიდებლობისა და სანდოობის თვალსაზრისით. საუბარი იყო ხარვეზებზე, რომ არის საქმეების განხილვის ნელი ტემპი. უფრო ძვირია სასამართლო სისტემა და, ამასთან მიმართებით, საჭიროა მუშაობა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.