ბექა ოდიშარია: კახა კალაძის გადაწყვეტილება გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს თაობას შეუძლია, გადაარჩინოს თბილისი

 

კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი, ბექა ოდიშარია, თბილისის მერის, კახა კალაძის დღეს გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ის დადებითად შეაფასა. ოდიშარიას თქმით, მერის დღევანდელი გადაწყვეტილება მაღალი შენობების გარკვეულ ადგილებში აშენების აკრძალვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში იმედს აჩენს, რომ მის თაობას ჯერ კიდევ შეუძლია, თბილისის განვითარება ევროპული ქალაქებისთვის დამახასიათებელ კალაპოტში ჩააყენოს.
“ისინი, ვისაც თბილისის იერსახე და მომავალი არა ტელეკამერების წინ, არამედ მართლაც ადარდებთ – ფიქრობენ, ზრუნავენ – თემაზე ბჭობისას, დამეთანხმებით, ხშირად წარმოთქვამენ წინადადებას, რომ “ჯერ კიდევ შეიძლება, ეშველოს ქალაქს”…. წარსულის კრიტიკის გარეშე… და იმ სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას 90-იანი წლების შემდგომ გადახდა. მივიღეთ ის, რაც ყველას ერთნაირად გვაღელვებს – მათ, ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ჩვენი შვილებისა და მშობლების თაობებთან ერთად და აზრადაც არ გვაქვს თბილისის მიტოვება და მაინც არ ვკარგავთ იმის იმედს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება, გადავარჩინოთ ეს უნიკალური ქალაქი. ვფიქრობ, მერის დღევანდელი გადაწყვეტილება ობიექტურად გვაფიქრებინებს, რომ მართლაც, ჯერ კიდევ არ არის დაკარგული შესაძლებლობა, რომ ჩვენმა თაობამ გადაარჩინოს თბილისი მასში ათეული წლებით გაბატონებულ ურბანულ ქაოსს და, ერთხელ და სამუდამოდ, ჩააყენოს მისი განვითარება ევროპული ტიპის ქალაქებისათვის დამახასიათებელ კალაპოტში.
​განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ კახა კალაძე და მისი გუნდი ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სპეციალისტებთან, ბიზნესსა და საზოგადოების ფართო წრეებთან დიალოგის გზით აღწევს და იღებს კიდეც!
ესეც ახალი თბილისური სტანდარტია!” – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები