გიორგი ცუცქირიძე: მტკიცებითი ფორმით საუბარი საბანკო დაწესებულებების „დაჩაგვრაზე”, მით უმეტეს „თი-ბი-სი” ბანკზე, უადგილოა

 

„თი-ბი-სი” ბანკის მიმართ განვითარებულ პროცესებს საბანკო-საფინანსო ექსპერტები ეხმაურებიან. ექსპერტს საბანკო-საფინანსო საკითხებში, პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს, ბიზნესის დაცულობის თემასთან დაკავშირებით, მეტი თვალსაჩინოებისთვის, საბანკო სტატისტიკა მოჰყავს.
მისი ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, ორი უმსხვილესი კომერციული ბანკის („თი-ბი-სი” ბანკი და საქართველოს ბანკი) წილი, სისტემის მთლიან აქტივებში, 73%-ია, საკრედიტო პორტფელი –  71%, ხოლო წმინდა მოგების წილი, სისტემის მთლიანი მოგების საშუალოდ, 80%-ს შეადგენდა.
ცუცქირიძის თქმით, ბოლო ოთხი წელიწადის მანძილზე – 2015-2018 წლებში – „საქართველოს ბანკის” აქტივების ხვედრითი წილი სისტემურ მაჩვენებელში 29%–დან 35%-მდე გაიზარდა.
„თი-ბი-სი” ბანკის აქტივების ზრდა კიდევ უფრო მაღალი და შთამბეჭდავი იყო – გაიზარდა რა, იმავე პერიოდში, სისტემურ ჭრილში 23%–დან 37%-მდე, ანუ მთელი 14%-ით და, ამ კუთხით, სულაც ლიდერია ქართულ საბანკო სექტორში. ცალკე საკითხია, რამდენად კარგია ეკონომიკისთვის ბაზრის ასეთი მაღალი კონცენტრაციის მაჩვენებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბანკო სისტემის აქტივები, 2012-2018 წლებში, 6-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო წმინდა მოგება სულაც 7-ჯერ. ამ ციფრებიდან გამომდინარე, მტკიცებითი ფორმით საუბარი ბიზნესისა და, კერძოდ, წამყვანი საბანკო დაწესებულებების „დაჩაგვრაზე”, ზეწოლასა თუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე (რაღაც „იუკოსის” მსგავს სცენარებზე, რაზეც კეთდებოდა აქცენტები), მით უმეტეს „თი-ბი-სი“ ბანკზე, რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა. პირიქით, განვითარების ასეთი პირობები, არც ბიზნესისა და არც საბანკო სისტემის ლიდერი ბანკებისთვის, არასდროს ყოფილა არც შევარდნაძის პერიოდში, არც სააკაშვილის მმართველობის დროს და, სწორედ ბოლო წლებს უკავშირდება, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თი-ბი-სი“ ბანკის აქციების განთავსებაც. აქედან გამომდინარე, ამ პროცესში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თემაც ზედმეტად არის გაბუქებული”, – აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები