მარიამ ჯაში: 2019 წელს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქვეყნის მასშტაბით, საბიბლიოთეკო საქმის მეთოდოლოგიური ცენტრი გახდება

„უდიდესი მნიშვნელობის საქმიანობას ეწევა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. მხოლოდ 2018 წელს, 15 000-მდე წიგნი მიეწოდა სოფლის 110 სკოლას, 200-ზე მეტი სოფლის ბიბლიოთეკარი კი გადამზადდა”, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ბორჯომში გამართულ კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2018 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს.
სხდომაზე ანგარიში  დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა წარმოადგინა. მან, ასევე,  არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა  – საკანონმდებლო კუთხით.

მარიამ ჯაშის შეფასებით, ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გახორციელებული საქმიანობიდან, ასევე, უმნიშვნელოვანესია ერთიანი ელექტრონული კატალოგის შექმნა და ფონდში არსებული ნებისმიერი გამოცემის ციფრული ვერსიის ხელმისაწვდომობა.
„უმნიშვნელოვანესია მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ გამოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სამეცნიერო-პოპულარული სტატიები”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისივე ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე შექმნილია ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პოლონეთის მთავრობას, რომლის მხარდაჭერითაც, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ჰენრიკ ჰრინევსკის დარბაზის რეაბილიტაცია მოხდა და პოლონური ლიტერატურის სივრცე შეიქმნა”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მისი განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, რეგიონებში 140 ბიბლიოთეკა განახლდა და დაფუძნდა. მისივე თქმით, არსებული ბიბლიოთეკების მნიშვნელოვანი ნაწილის გარემონტება უზრუნველყო პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.
„ამჟამად, ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლითაც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქვეყნის მასშტაბით, საბიბლიოთეკო საქმის მეთოდოლოგიური ცენტრი გახდება”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომიტეტის სხდომა ბორჯომში 13 თებერვალს გაიხსნა და 15 თებერვლამდე გაგრძელდება. კომიტეტის წევრები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 2019 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ.
სხდომის დღის წესრიგშია, აგრეთვე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მის შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2019 წლის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები.

კომიტეტის სხდომა ბორჯომში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები