თეა წულუკიანი: მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით საჯარო დებატები სამუშაო ფორმატში უნდა გადავიდეს

“იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი შედეგით კმაყოფილები ვიყოთ საჭიროა, დასრულდეს არგუმენტების საჯარო ეთერში წარდგენა და ეს პროცესი როგორმე სამუშაო ფორმატში გადავიყვანოთ”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოსამართლეების უვადო გამწესებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა დაინტერესებული მხარე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში უნდა დასხდნენ და იმსჯელონ ამ თემებზე.
​„ჩვენ, მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო კონსტიტუციის საფუძველზე ამ პროცესებისგან განზე ვართ გასული. ეს იყო რეფორმა, რომელმაც სასამართლოს მთავრობისგან უფრო მეტი დამოუკიდებლობა მისცა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ პარლამენტის ჩართულობით ირჩევიან და ინიშნებიან. ამ დამკვირვებლის პოზიციიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სახეზეა ძალიან კომპლექსური და მწვავე პროცესი, სადაც იკვეთება არა ერთი ან ორი, არამედ მრავალი პროფესიული და პოლიტიკური ინტერესი და გამოსავალი თითქოს არ ჩანს.
მაგრამ გამოსავალს მაინც ვხედავ იმაში, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, იქნება ეს დეპუტატი უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან, საბჭოს მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი, თავად მოსამართლეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მაგიდასთან იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დასხდნენ, რომლის წევრიც ჩვენც გახლავართ.
​ასევე, იმაზე უნდა გაიმართოს მსჯელობა, როგორ უნდა დავაბრუნოთ ყველამ ერთად ეს პროცესი უფრო ჯანსაღ ტალღაზე. დღევანდელი პროცესი, რასაც ვუყურებ, ვფიქრობ, ყველასთვის დამანგრეველია. იქნება ეს სასამართლო, პარლამენტი, თავად არასამთავრობო სექტორი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები