მოჭიდავეებმა 2019 წლის სეზონის საწვრთნელი პროცესი ბაკურიანის შეკრებით გახსნეს

ახლახან გამართული საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების გაფართოებული შემადგენლობები დაკომპლექტდა (დაახლოებით 40-40 სპორტსმენი), რომლებიც სეზონის უმთავრესი შეჯიბრებებისთვის სამზადისს შეუდგნენ.

“თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ბაკურიანში 8 თებერვალს ჩამოვედით და 2 კვირის განმავლობაში ძირითად ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას დავუთმობთ. ეს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმის პირველი ნაწილია. შემდგომ შეკრებებზე უკვე სრულყოფილი წვრთნები იქნება. იქამდე კი, 28 თებერვლიდან 3 მარტამდე, ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც ამავდროულად სარეიტინგოცაა. გუნდს ბაკურიანში მხოლოდ ავთანდილ კენჭაძე ვერ გამოჰყვა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული ფეხის ტრავმის გამო სარეაბილიტაციო კურსს თბილისში გადის“, – განაცხადა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ.

ნაკრების კიდევ ერთი მწვრთნელის ბექა როყვას თქმით, ტრადიციულად, წლის პირველი შეკრება ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ეთმობა და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია.

“ბაკურიანში უკვე მეოთხე დღეა ვვარჯიშობთ და 20 თებერვლამდე დავრჩებით. 22-ში კი უნგრეთში გავემგზავრებით, საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე საჭიდაოდ. წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის და თითოეული შეკრება და შეჯიბრება მოსამზადებელი ციკლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია“, – აღნიშნა ბექა როყვამ.

როგორც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე აცხადებს, ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გეგმაზომიერად ემზადება უმნიშვნელოვანესი სეზონის წინ.

“მეც ვაპირებ ბაკურიანში ჩასვლას და ნახვას, როგორ მიდის საწვრთნელი პროცესი. იმედია, ეს პროცესი ისე წარიმართება, რომ ხელს არავინ შეგვიშლის და ჩვენი ბიჭები კიდევ არაერთხელ გვასახელებენ უდიდეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე. უფრო მეტ მედალს მოუპოვებენ ჩვენს ქვეყანას და უფრო მეტ ლიცენზიას აიღებენ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“, – განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები