საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოში ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ესტუმრა და წყალტუბოში ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელსაც სამკურნალო ტურიზმის განვითარების რეალური პოტენციალი გააჩნია.
პრეზიდენტს წყალტუბოში სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში – შავლეგო ტაბატაძემ და წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა უმასპინძლეს.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრისას, ხაზი გაესვა წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების მნიშვნელობას, სამკურნალო ტურიზმის და ზოგადად, ტურიზმის განვითარებისთვის.
პრეზიდენტი უშუალოდ ესტუმრა ძველ სანატორიუმებს – “მეშახტე”, “მედეა”, დაათვალიერა სტალინის აგარაკი, ცივი ტბა, საწურბლიას მღვიმე და გუდიაშვილის პანო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და პრეზიდენტის მხარდაჭერით, პროცესის გააქტიურების იმედი გამოთქვეს. მხარის გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძის აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ინვესტორები დაინტერესდნენ. პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ წყალტუბოს განვითარების გეგმა დაიდოს და მისი განვითარების ტემპი დაჩქარდეს.
აღინიშნა, რომ წყალტუბო და ქუთაისი უნდა განიხილებოდეს ერთ ურბანულ კონტექსტში. წყალტუბოში კი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, გასათვალისწინებელია წყალტუბოს პარკების, მღვიმეებისა და გამორჩეული არქიტექტურის დაცვის აუცილებლობა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები