საქართველოს პროკურატურა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

სტაჟირების კონკურსის გამოცხადების პარალელურად, საქართველოს პროკურატურა თბილისისა და რეგიონების სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრების მიზანი გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირებაა.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები მონაწილეებს დეტალურად აცნობენ პროკურატურის როლს, ფუნქციებს, პროკურორის პროფესიულ საქმიანობას, საკუთარ წარმატებულ გამოცდილებას, სტაჟირების სისტემასა და პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობებს. შეხვედრებს ინტერაქტიული ხასიათი აქვს –  თითოეულ მონაწილეს საშუალება აქვს, დასვას კითხვები და მიიღოს ამომწურავი პასუხები აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრები უკვე გაიმართა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა   და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია კვალიფიციური, კომპეტენტური და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე კადრების მოზიდვა, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების მასშტაბით.

კონკურსზე აპლიკაციების მიღების ვადა 14 თებერვალს სრულდება. აღნიშნულ პერიოდში,  სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები