საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ეწვევა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  იმერეთის რეგიონს ეწვევა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილის იმერეთში სტუმრობის მიზანი, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების გავითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების გავითარების მხარდაჭერაა. სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში – შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია უმასპინძლებენ. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისსა და წყალტუბოს ესტუმრება.
სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას, ისტორიულ ძეგლს, ბოტანიკურ ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჰესს დაათვალიერებს, რომელიც საინჟინრო და ინდუსტრიული არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.
პრეზიდენტი რეგიონში ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა: რამდენიმე სანატორიუმს, საწურბლიეს მღვიმეს და გაბაშვილის გორას დაათვალიერებს, რომელზეც ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელები პრეზიდენტს არქეოლოგიური გათხრების შედეგებს გააცნობენ.
სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში მცირე ბიზნესის გავითარებით დაინტერესდება და ოტია იოსელიანის შვილიშვილის ფერმერულ მეურნეობას მოინახულებს, რომელიც თაფლისა და ქვევრის ღვინის წარმოების ტრადიციებს აგრძელებს. სალომე ზურაბიშვილი ასევე, ეწვევა კომპანიას „ჰერბია“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს. სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრსაც ეწვევა და ბენეფიციარებს მოინახულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები