სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზა მოინახულა

 საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა. პრეზიდენტმა ის ბაზები დაათვალიერა, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები განთავსებული არიან და ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის” მისიას ასრულებენ.

როგორც მდეიაჰოლდინგ ,,კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლდიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა და ქართველი მშვიდობისმყოფელების ამოცანებს პირადად გაეცნო,  ჯარისკაცებთან სადილისას კი, ადგილზე არსებული მდგომარეობა მოისმინა.

უმაღლესმა მთავარსარდალმა მშვიდობისმყოფელებს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის  მადლობა გადაუხადა და ქართველი სამხედროების დამსახურებასა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნისთვის ხაზი გაუსვა.

პრეზიდენტმა ბაგრამის სამხედრო საავიაციო ბაზაზე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო და ქართველი ჯარისკაცების მიერ აშენებული ეკლესია მოინახულა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურთან, გენერალ დანიელ კონლისთან, „მტკიცე მხარდაჭერისა” და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალთან აუსტინ სკოტ მილლერთან, ასევე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მოჰამედ აშრაფ ღანი აჰმადზაისთან.

დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტთან ერთად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია იმყოფებოდნენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები