“დადებითი თამბაქოს, პრაქტიკულად, არაფერი არა აქვს” – ილია ნაკაშიძე თამბაქოსთვის თავის დანებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე თამბაქოსთვის თავის დანებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორ პროფესორ მარტინ როს შეხვდა, რომლის ტექნიკური დახმარებით მომზადდა თამბაქოსთვის თავის დანებების ეროვნული სტრატეგია.
როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, პროექტს – „თამბაქოზე დამოკიდებულების პრობლემაზე საპასუხო და მოწევის თავის დანებების ხელშეწყობის ინიციატივა საქართველოში” და ამ საკითხთან დაკავშირებულ შემაჯამებელ კონფერენციას დაეთმო, რომელიც 9 თებერვალს თბილისში იმართება.
აღნიშნული პროექტის მიზანია, საქართველოში თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის სერვისების გაძლიერება. ამ პროექტს საქართველოს რესპირაციული ასოციაცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით, უკვე ორი წელია ახორციელებს. საპილოტე რეგიონებად აჭარა და კახეთი იყო შერჩეული. თამბაქოს თავის დანებების ხანმოკლე კონსულტაციის მიწოდებაში გადამზადდა სოფლისა და რაიონული ამბულატორიის 200-ზე მეტი ექიმი, მომზადდა თამბაქოსათვის თავის დანებების ტრენერები. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ექვსი თვის განმავლობაში გამოკითხული პაციენტებიდან თამბაქოს თითქმის 1382-მა ადამიანმა (21,41%) დაანება თავი.
შეხვედრაზე იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც აუცილებელია პროექტის განხორციელების შედეგად დაგროვილი გამოცდილების მთელ ქვეყანაში გასავრცელებლად და ამ კუთხით პარლამენტის როლზე.
„ვისაუბრეთ ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, სპეციალისტების მომზადებაზე – საუბარია პირველი რგოლის მედიკოსებზე – ექიმებსა და ექთნებზე, რომ ხელი შევუწყოთ მოსახლეობას თამბაქოს თავის დანებებაში. ბევრი ახალი მეთოდია, თამბაქოს თაობაზე მიღებული გვაქვს, ასევე არაერთი რეგულაცია, რამაც ხელი უკვე შეუწყო იმას, რომ მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარება მცირდება. ეს ფრიად მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს უკვე დადგენილია, რომ თამბაქო ეს არის ერთ-ერთი პირველი მიზეზი სისხლძარღვოვანი გართულებებისა და დაავადებებისა, ფილტვის დაავადებისა და პირველ რიგში, ფილტვის კიბოსი და რა თქმა უნდა, გასტროენტეროლოგიური და სტომატოლოგიური პრობლემების.მე უკვე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ თამბაქოს მოხმარება წლების განმავლობაში სერიოზულად აზიანებს ცენტრალურ ნერვიულ სისტემას. დადებითი თამბაქოს პრაქტიკულად არაფერი არა აქვს. ამიტომ, ჩვენი მიზანი პრინციპში კონკრეტულია – საქართველო თამბაქოს გარეშე და ამ მიზნის მისაღწევად პარლამენტი მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს აამოქმედებს”, – განაცხადა ილია ნაკაშიძემ.
შეხვედრას პარლამენტის წევრები, სვეტლანა კუდბა, ფატი ხალვაში და ლევან ბეჟანიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თამბაქოს ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო მაღლაკელიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ივანე ჩხაიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები