მერაბ ბოლქვაძე: თბილისის მერიის სამსახური „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტს ამზადებს და რეგულირების გეგმაც მუშავდება

ბოლო დროს, ურბანისტები და მშენებლები ხშირად საუბრობენ „ხრუშჩოვკის“ ტიპის კორპუსების ჩანაცვლების აუცილებლობაზე. რაც დრო გადის, ბევრ ასეთ კვარტალში უფრო და უფრო სავალალო მდგომარეობაა.
ურბანისტი, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენელი, მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რომ სასურველია იმ ტერიტორიებისთვის, სადაც „ხრუშოვკებია“ თავმოყრილი, შედგეს პროექტები და ძველი კორპუსები ჩანაცვლდეს.
„თბილისში „ხრუშჩოვკების“ რაოდენობა, საერთო ჯამში, 500-ზე მეტი იყო. ბუნებრივია, ამ კორპუსებს აქვს თავისი ექსპლუატაციის წლები, რომ ემსახუროს მცხოვრებლებს და რაღაც დროის შემდგომ მიმდინარეობს მათი ფიზიკური ცვეთა. მაგალითად, ვარკეთილის მესამე მასივში, უკვე იცით, რამდენიმე შენობა დაინგრა და ხალხი მძიმე ვითარებაშია, მოსახლეობა გასაყვანია ავარიული კორპუსებიდან. ამ ტერიტორიებს სჭირდება ახალი პროექტის შედგენა და რეკონსტრუქცია, რათა ახალი განაშენიანება დაინერგოს.
როგორც ჩემთვისაა ცნობილი, თბილისის მერიის სამსახური „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტსაც ამზადებს. მდგომარეობა სასწრაფოა და მგონი, რეგულირების გეგმაც მუშავდება.
სასურველია, იმ ტერიტორიაზე, სადაც „ხრუშოვკებია“ თავმოყრილი, შედგეს პროექტები, თუმცა მანდაც ფრთხილად უნდა მოქმედება. ის გარემო, სადაც „ხრუშჩოვკებია“ თავმოყრილი, ძალიან კარგია საცხოვრებლად. ახალ პროექტებში ზედმეტად გამჭიდროება არ უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საცხოვრებელ გარემოს გააფუჭებს“, – განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები