მიხეილ ბატიაშვილი სერგი კაპანაძეს – „დღეს თქვენ დადგით სპექტაკლი, მიაგზავნეთ ხალხი სამინისტროში და გვაჩვენებთ დამონტაჟებულ ვიდეოს“

„დღეს თქვენ ისევ დადგით სპექტაკლი, მიაგზავნეთ ხალხი სამინისტროში და გვაჩვენებთ დამონტაჟებულ ვიდეოს, 10 წუთის ნაცვლად ამოგლეჯილ წამებს”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ სერგი კაპანაძეს, რომელმაც მინი ექსპერიმენტი ჩაატარა და ვიდეო სოციალური ქსელის გარდა პარლამენტშიც წარადგინა.
მინისტრმა დეპუტატ სერგი კაპანაძის მიერ პარლამენტში ნაჩვენებ ვიდეოს სიცრუე უწოდა, რადგან მის მიერ წარმოდგენილი მასალა იყო არასრული და ტენდენციური.
„დღეს თქვენ ისევ დადგით სპექტაკლი, მიაგზავნეთ ხალხი სამინისტროში და გვაჩვენებთ დამონტაჟებულ ვიდეოს, 10 წუთის ნაცვლად ამოგლეჯილ წამებს. ვიდეო გაცილებით დიდია და მისი მთლიანად ჩვენების შემთხვევაში, სულ სხვა სურათი დაიხატებოდა. თუ გყოფნით იმის უნარი, რომ ეს მასალა გაუშვათ, გაუშვით ბოლომდე. დიახ, თქვენ იქ მოგთხოვდნენ საბუთს, ასეთის არსებობის შემთხვევაში თუმცა, ასევე ჩაიბარებდნენ თქვენ წერილს საბუთის გარეშეც, რაც მოხდა კიდეც. მოგიწოდებთ, აჩვენოთ საზოგადოებას სრული ვიდეო, სადაც ეს ყველაფერი ასახულია. თუმცა, თქვენ ისევ სპექტაკლებს დგამთ და ისევ მანიპულირებთ, სირცხვილია!“ – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა მინი ექსპერიმენტი ჩაატარეს.
პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა განათლების სამინისტროში ანონიმური წერილი მიიტანა, რომელიც სამინისტროს კანცელარიაში არ ჩაიბარეს. „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო წევრის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა, განმეორდებოდა თუ არა ანალოგიური ფაქტი, რაც 2018 წლის ნოემბერში მოხდა. რა დროსაც განათლების სამინისტროში შესული ანონიმური წერილის საფუძველზე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შემოწმება დაიწყო, რომლის დირექტორიც ია კერზაია იყო.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მანამდე, კერძოდ, იმავე წლის ნოემბერში სკოლაში მოქალაქის წერილის საფუძველზე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა შემოწმება დაიწყო.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალება პოლიტიკურ ზეწოლას მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები